რამდენად სწრაფად ხდება ევოლუცია
როდესაც ჩარლზ დარვინმა ევოლუციის თეორია შეიმუშავა, მან ჩათვალა, რომ ამ ყველაფერს ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა. მისი აზრით, იმისთვის, რომ ევოლუცია მომხდარიყო მილიონობით წელი იყო საჭირო.
და მაინც, რამდენად სწორია ეს? შესაძლებელია, რომ ევოლუცია უფრო სწრაფად მოხდეს? სტატიაში სწორედ ამ თემას განვიხილავთ.
პირველ რიგში, მოდით განვსაზღვროთ თავად ევოლუცია. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც სახეობების გენები ან ფიზიკური გარეგნობა თანდათან იცვლება. მამოძრავებელი ძალა არის ბუნებრივი გადარჩევა, რომელშიც უფრო სასარგებლო თვისებების მქონე ინდივიდები გადარჩებიან და მრავლდებიან. შესაბამისად, ეს გადარჩეული თვისებები შემდეგ თაობაზე გადადის. მრავალ თაობაზე ცვლილებების ასეთ გადაცემას ადაპტური ევოლუცია ეწოდება.
"კომბინირებული, ბუნებრივი გადარჩევა და ადაპტური ევოლუცია სახეობას გარემო პირობების მიმართ მდგრადს ხდის", — თქვა ტიმოტი ბონემ, ევოლუციური ბიოლოგის პროფესორმა.
გალაპაგოსის კუნძულებზე სახეობებმა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ნისკარტის სხვადასხვა სახის ფორმა და ზომა გამოიმუშავეს. ეს იმისთვის, რათა სახეობები საკვებსა და გარემოზე ადაპტირებულიყვნენ. ამ აღმოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
რაც შეეხება უშუალოდ სახეობას — საუბარია ისეთ ევოლუციაზე, რა დროსაც ერთი სახეობა ორ განსხვავებულ სახეობად იტოტება. ბონეს თქმით, ეს ხდება ბევრად უფრო ნელა, ვიდრე ადაპტური ევოლუცია.
მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, მეცნიერებმა გააცნობიერეს, რომ ევოლუცია შეიძლება მოხდეს ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ეს დარვინს წარმოედგინა. საუბარია ბუნებრივ გადარჩევაზე, რამაც შეიძლება მცენარე 7 წელიწადში უფრო გემრიელ საკვებად აქციოს.
"ეს ევოლუცია ჩვენ შევქმენით. ადამიანებმა დაინახეს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები შესაძლებელია სულ რაღაც რამდენიმე თაობაში მოხდეს", — უთხრა ბონემ Live Science-ს.
გასაგებია, ხელოვნურმა გადარჩევამ დააჩქარა ევოლუცია, მაგრამ რამდენად სწრაფად შეიძლება იმუშაოს პროცესმა ბუნებრივად?
ამის გასარკვევად, ბონემ და მისმა კოლეგებმა ათასწლეულების განმავლობაში ფრინველებისა და ძუძუმწოვრების (19 სახეობის) მონაცემები გააანალიზეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ადაპტაციური ევოლუციის სიჩქარე ოთხჯერ უფრო სწრაფი იყო, ვიდრე წინა შეფასებები. უფრო კონკრეტულად, ყოველი თაობა საშუალოდ 18,5%-ით ზრდიდა თავის გადარჩენისა და გამრავლების შესაძლებლობას სრულიად სტაბილურ პირობებში.
ეს ნიშნავს, რომ თუ გადარჩენა და რეპროდუქცია მესამედით შემცირდება, ადაპტური ევოლუცია დაეხმარება პოპულაციას გადარჩენაში სულ რაღაც სამიდან შვიდ თაობაში. მაგალითად, გარეული ცხვრის ერთ-ერთ სახეობას (Ovis canadensis) სამ თაობაში რქები 2 სანტიმეტრით შეუმცირდა. ეს იმიტომ, რომ მონადირეები უფრო დიდი რქების მქონე ცხვრებზე ნადირობდნენ.
თუმცა, ბუნებაში ეს კონდიციები სტაბილური არასდროსაა.
კლიმატის ცვლილება ადაპტაციური ევოლუციის კიდევ ერთი მთავარი მამოძრავებელია. თუმცა, ტემპერატურის სწრაფად ცვლილების გამო ცოცხალმა ორგანიზმებმა მასზე ადაპტირება შეიძლება ვერ მოასწრონ. ევოლუცია ყოველთვის ხდება, მაგრამ ზოგჯერ ის უბრალოდ აგვიანებს, რაც სახეობის სრულად გადაშენების მიზეზი ხდება ხოლმე.
ფაქტია, ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ახალ პირობებთან შეგუება, ახალი საჭიროებების დაკმაყოფილება და მტაცებლების თავიდან აცილება, ცოცხალ ორგანიზმებში ევოლუციას აჩქარებს. შესაბამისად, კითხვაზე თუ რამდენად სწრაფი შეიძლება იყოს ევოლუცია, პასუხი ასეთია: მარტივ ცვლილებას შეიძლება დასჭირდეს მილიონობით წელი, მაგრამ თუ ის "საჩქაროა", ამისთვის რამდენიმე თაობაც საკმარისია ხოლმე — ყველაფერი გარემო პირობებზეა დამოკიდებული.
კომენტარები