წინასაარჩევნოდ, მმართველი გუნდის რიტორიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება უცხოური ფული და თითქოს მასთან ასოცირებული საფრთხეებია. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრებიდან ისმის გზავნილები, რომლებიც ერთმანეთთან აპირისპირებს დასავლეთს და მშვიდობას, ადამიანის უფლებებსა და რელიგიას, ევროპასთან დაახლოების პერსპექტივასა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას.

უკვე რამდენიმე წელია, ქართული ოცნება ცდილობს, უცხოურ ფულსა და დახმარებას უარყოფითი კონოტაცია მიანიჭოს. მედიის განვითარების ფონდის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართულ 5 მთავარ გზავნილს შორის ერთერთი სწორედ უცხოეთიდან დაფინანსების შეზღუდვასთან დაკავშირებული ნარატივი იყო. ამავე კვლევის მიხედვით, კეთდებოდა განცხადებები, რომ არც ამერიკა, არც დასავლეთი და ევროკავშირი არ გვეხმარება, მეორე მხრივ კი, მკვიდრდებოდა აზრი, რომ ამერიკის და დასავლეთის დახმარება მათსავე ინტერესებს, იდენტობასთან ბრძოლასა და აგენტურის დაფინანსებას ხმარდება.

რეალურად, ქვეყანაში განხორციელებული პროექტების ნაწილი, რომელთაც მთავრობა ყოველთვის საკუთარ დამსახურებად მიიწერს, სწორედ პარტნიორი ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ინფოგრაფიკაში ნახავთ, რა დახმარებას იღებს საქართველოს განათლების სამინისტრო უცხოეთიდან და როგორ ეხმარება ეს თანხა სექტორის განვითარებას.