მოყვარულმა ასტრონომებმა "თბილი იუპიტერის" ტიპის ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
NASA-ს კოსმოსურმა ტელესკოპმა TESS ამ დრომდე 7 000-ზე მეტი ე.წ. კანდიდატი ეგზოპლანეტა დააფიქსირა, რომელთა ავთენტურობის დასადასტურებლადაც დამატებითი კვლევები არის ხოლმე საჭირო. მათი ნაწილის არსებობაში უკვე დავრწმუნდით, სხვების შესწავლაში კი მეცნიერებს მოყვარული ასტრონომებიც ეხმარებიან, რადგან ეს დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.
ერთ-ერთმა ასეთმა გუნდმა ახლახან "თბილი იუპიტერის" ტიპის ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, რომელიც ჯერ TESS-ის მონაცემებში გამოჩნდა, მათ კი საკუთარი ტელესკოპების მეშვეობით დამოუკიდებელი დაკვირვებები განახორციელეს. შედეგად დადასტურდა, რომ ეს გიგანტური ციური სხეული მართლაც არსებობს.
ამ ტიპის ეგზოპლანეტების შესახებ ცოტა ხანია, შევიტყვეთ. ისინი "ცივ" და "ცხელ" იუპიტერებს შორის გარდამავალი ობიექტებია. პირველი მზის სისტემის იუპიტერის მსგავსია, მეორეს კი ის განასხვავებს, რომ საკუთარ ვარსკვლავთან საკმაოდ ახლოს გადაადგილდება. ამგვარი ციური სხეულების შესწავლა მათი ფორმირებისა თუ ევოლუციის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება და ჩვენი მეზობელი აირის გიგანტის შესახებაც მოგვაწვდის ინფორმაციას.
ახალი ეგზოპლანეტის ოფიციალური სახელი TIC 393818343 b არის და ის ჩვენგან დაახლოებით 300 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. მისი არსებობა მოყვარული ასტრონომების ორმა გაერთიანებამ დაადასტურა — UNISTELLAR-მა და Exoplanet Watch-მა. ისინი ტელესკოპების მეშვეობით ამ ობიექტის მშობელი ვარსკვლავის სიკაშკაშის ცვლილებას დააკვირდნენ, რაც ტრანზიტისას, ანუ დედამიწის პერსპექტივიდან მნათობის დისკოს წინ ციური სხეულის ჩავლისას, ხდება.
პირველი ტრანზიტი UNISTELLAR-მა დააფიქსირა და მეორე პროგნოზირებული ჩავლის პერიოდის შესახებ კოლეგებს აცნობა, რათა მას ისინიც დაჰკვირვებოდნენ. გამოთვლები მართალი აღმოჩნდა და მათ კიდევ ორი ტრანზიტის შესახებ მოიპოვეს ინფორმაცია. ამან ცხადყო, რომ TIC 393818343 b ავთენტურია.
ვარაუდობენ, რომ ის საკუთარ ვარსკვლავთან იმაზე ახლოს მოძრაობს, ვიდრე დედამიწა — მზესთან. ამის გამო მისი ერთი წელი თითქმის 16 დღეს გრძელდება, ანუ საკმაოდ ხანმოკლეა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ამ ციურმა სხეულმა მნათობთან უფრო მცირე დისტანციაზე გადაინაცვლოს და ცხელ იუპიტერად იქცეს. ასეც რომ არ მოხდეს, ადრე თუ გვიან, თავად ვარსკვლავი წითელი გიგანტის ფაზაში გადავა, რა დროსაც მისი ატმოსფერო გაფართოვდება და TIC 393818343 b მასთან ახლოს აღმოჩნდება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astronomical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები