იაპონური აპარატის SLIM მისია დასრულებულად გამოცხადდა. ის გათიშულია და დედამიწასთან კომუნიკაციას უკვე რამდენიმე თვეა, ვეღარ ამყარებს. შესაბამისად, ქვეყნის კოსმოსური სააგენტო ხომალდს საბოლოოდ გამოემშვიდობა.

SLIM, იგივე "მთვარის სნაიპერი", ამ ციური სხეულის ზედაპირზე 19 იანვარს უსაფრთხოდ დაეშვა. ამით იაპონიამ აშშ-ის, ჩინეთის, ინდოეთისა და საბჭოთა კავშირის გვერდით დაიკავა ადგილი, რომლებმაც ეს აქამდე შეძლეს.

მალევე ცნობილი გახდა, რომ SLIM დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე თავდაყირა დაჯდა. სამი საათის შემდეგ აპარატი გაითიშა, რადგან მის მზის პანელებამდე სხივები ვერ აღწევდა, რის გამოც ისინი ენერგიას ვერ გამოიმუშავებდა. ამის მიუხედავად, "მთვარის სნაიპერი" 28 იანვარს ისევ გააქტიურდა, რადგან ვარსკვლავის სინათლე "იხილა".

ფოტო: JAXA

აქედან რამდენიმე დღეში მთვარის ამ არეალში დაღამდა, რაც დაახლოებით 2 კვირა გრძელდება. ამ დროს იქ ტემპერატურა -130 გრადუს ცელსიუსამდე ეცემა, ეს კი მზის ენერგიაზე მომუშავე ხომალდებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის. SLIM-მა ცივი პერიოდი წარმატებით გადალახა, თანაც სამჯერ, მაგრამ მისი ენერგიული რესურსი სულ უფრო მცირდებოდა.

ის დედამიწაზე არსებულ ბაზას თებერვალში, მარტსა და აპრილში დაუკავშირდა, თუმცა მაისიდან მოყოლებული, მასთან კომუნიკაცია ვეღარ შედგა. ეს ნიშნავს, რომ მისია (რომელიც იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე იგეგმებოდა) დასრულებულია.

უნდა აღინიშნოს, რომ აპარატი სამიზნე არეალში 100 მეტრის რადიუსში უნდა დამჯდარიყო, თუმცა ეს სულ რაღაც 55 მეტრ რადიუსში მოახერხა. ამით მან კოსმოსური მისიების ისტორიაში ყველაზე ზუსტ დაშვებას მიაღწია (თავდაყირა დაჯდომის მიუხედავად).

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.