ჩინელი მეცნიერები მთვარის გრუნტიდან წყლის მიღების ახალ გზას გვთავაზობენ
კაცობრიობას მთვარეზე მუდმივი ბაზის შექმნა სურს, თუმცა იქ, სადაც ადამიანია, აუცილებლად უნდა იყოს წყალიც. ვიცით, რომ დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის გრუნტში ეს ნაერთი მოიპოვება, მაგრამ როგორ უნდა მივიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხე?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩინელმა მეცნიერებმა ამ ქვეყნის მიერ მისია Chang'e 5-ის ფარგლებში მთვარიდან ჩამოტანილი გეოლოგიური მასალა შეისწავლეს და იქიდან წყლის გამოცალკევების ახალ მეთოდს მიაგნეს.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ჩვენი მეზობელი ციური სხეულის გრუნტში არსებულ ზოგიერთ მინერალში წყალბადის განსაკუთრებით დიდი კონცენტრაციაა. მაგალითად, ყველაზე მაღალი შემცველობა ილმენიტში დაფიქსირდა, რომელშიც ეს ელემენტი მზის ქარის გავლენით მოხვდა.
გაცხელებისას წყალბადი მინერალებში რკინის ოქსიდებთან ურთიერთქმედებს და დიდი რაოდენობით წყალს წარმოქმნის. სპეციალისტთა კვლევამ აჩვენა, რომ როცა მთვარის გრუნტი 1 200 კელვინი ტემპერატურის პირობებშია, ის თავად იწყებს დნობას და პროცესში წყალს ორთქლის სახით გამოყოფს.
დადგინდა, რომ 1 გრამი ასეთი გეოლოგიური მასალიდან 51-დან 76 მილიგრამამდე წყლის მიღებაა შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მთვარის 1 ტონა გრუნტიდან დასალევად ვარგისი წყლით 500-მილილიტრიან 100-მდე ბოთლს ავავსებთ, რაც დღეში 50 ადამიანს ეყოფა.
ჩინელი მეცნიერების ეს მიგნება მიანიშნებს, რომ მთვარეზე წყლის მოპოვება შესაძლებელია, რომლის გამოყენებაც დასალევად და ბაზაში გაზრდილი მცენარეების მოსარწყავად შეიძლება. ასევე, თუ მას წყალბადად და ჟანგბადად დავშლით, პირველს ენერგიისთვის მოვიხმართ, მეორეს კი სუნთქვისთვის.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Innovation გამოქვეყნდა.
კომენტარები