აღმოაჩინეს ტვინის მექანიზმი, რომელიც შიშის რეგულირებაზეა პასუხისმგებელი
შიში სიცოცხლესთან ღრმად დაკავშირებული რეაქციაა, რომელიც ევოლუციის პროცესში განვითარდა და მეტამორფოზირდა სხვადასხვა ფორმებში. უფრო კონკრეტულად, ეს ქიმიური პროცესების ციკლია, რომელიც საფრთხის მიმართ რეაგირებს და ერთგვარად გვიცავს კიდევაც.
შიშის მეცნიერება: რატომ გვეშინია და რა ხდება ამ დროს ჩვენში
თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც თავს შიშის არასწორი ფორმები იჩენს. ეს შეიძლება იყოს შფოთი და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) — მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ტრავმული მოვლენის ტვინში "ჩაბეჭდვა". ასეთ დროს ჩნდება შიში, რომელსაც აშლილობაც შეგვიძლია ვუწოდოთ.
და მაინც, ასეთი შიშები შედარებით იშვიათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ორგანიზმს შიშების გაკონტროლების მექანიზმები აქვს. ახლახან მკვლევრებმა თაგვებში სწორედ ეს "მუხრუჭები" გამოავლინეს.
Yang Ming Chiao Tung University-ის (NYCU) მკვლევარმა, ვენ-ჰსიენ ჰოუმ ეს მექანიზმი თაგვების ამიგდალაში აღმოაჩინა. საუბარია ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც ძუძუმწოვრების მეხსიერების დამუშავებასა და ემოციურ რეაქციებზეა პასუხისმგებელი.
კვლევის ფარგლებში თაგვებს დაასწავლეს, რომ კონკრეტული ხმა ელექტროშოკთან დაეკავშირებინათ. შედეგად, ამ ხმის გააქტიურებისას ამიგდალაში ტვინის სპეციფიკური უჯრედები გააქტიურდა.
"როდესაც ჩვენ ამ უჯრედებზე მანიპულირება მოვახდინეთ და ისინი გავთიშეთ, აღმოჩნდა, რომ თაგვებს ხმის უფრო ეშინოდათ. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული უჯრედები შიშის ერთგვარი მუხრუჭია", — თქვა ჰოუმ.
ეს გვეუბნება, რომ არსებობს კონკრეტული უჯრედები, რომლებიც ჩვენს შიშს "აფერხებს". შეფერხების გარეშე შიშს უფრო მკვეთრად ვიგრძნობდით.
უჯრედული სქემების უმეტესობა, რომლებიც მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი, გლუტამატზე რეაგირებს. თუმცა, კონკრეტული "მუხრუჭის" უჯრედები, როგორც ჩანს, დაფუძნებულია გამა-ამინობუტირულ მჟავაზე (GABA).
ჩვენი ტვინის მახასიათებლები თაგვებისას ჰგავს, მაგრამ განსხვავებები მაინც არსებობს. ამიტომ, მკვლევრებს ახლა აინტერესებთ თუ რამდენად მუშაობს ეს ყველაფერი ადამიანებზეც. თუ კვლევები წარმატებული იქნება, ჩვენ შეიძლება შიშის კონტროლიც შევძლოთ.
კვლევა ჟურნალ Cell Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები