აიოვაში სპილოს მსგავსი პრეისტორიული ცხოველის ნამარხი აღმოაჩინეს
პრეისტორიულ პერიოდში მამონტების გარდა დედამიწაზე სპილოს მსგავსი სხვა არსებებიც ცხოვრობდნენ — მასტოდონტები, რომლებიც დაახლოებით 3.5 მილიონი წლის წინ გამოჩნდნენ და 10 500 წლის წინ გადაშენდნენ. ისინი მამონტებისგან ყველაზე მეტად კბილებით განსხვავდებოდნენ, რომლებიც მერქნიანი მცენარეების კარგად დასაღეჭად უფრო წაწვეტებული იყო.
აიოვას შტატში მეცნიერებმა სწორედ ამ ცხოველის ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელიც დღემდე კარგადაა შემონახული. აიოვას უნივერსიტეტის არქეოლოგიურ განყოფილებას უეინის ოლქიდან პირველად 2022 წელს დაუკავშირდნენ და აცნობეს გრძელი ძვლის შესახებ, რომელიც მდინარის კალაპოტის მიმდებარედ იყო ამოშვერილი.
ადრეულმა ანალიზმა ცხადყო, რომ ეს აწ უკვე გადაშენებული მასტოდონტის ბარძაყის ძვალი იყო. მიაგნეს ეშვის ნაწილსაც და ივარაუდეს, რომ ის ჯერ კიდევ თავის ქალაზე უნდა ყოფილიყო მიმაგრებული, რამაც სპეციალისტებს სრულმასშტაბიანი სამეცნიერო კვლევისკენ უბიძგა. ამისთვის საჭირო ფონდების მოძიების შემდეგ, ისინი გათხრებს 2024 წლის აგვისტოში მიუბრუნდნენ და მუშაობის დაწყებიდან 12 დღეში ცხოველის თავის ქალასა და ჩონჩხის სხვა ფრაგმენტებს მიაგნეს.
რადიოაქტიური დათარიღების მეთოდის თანახმად, ეს მასტოდონტი ჩრდილოეთ ამერიკაში დაახლოებით 13 600 წლის წინ დააბიჯებდა. ამ დროს უკანასკნელი გამყინვარების პერიოდი დასასრულს უახლოვდებოდა, ანუ პერიოდს, როცა ეს ცხოველები გადაშენდნენ.
ახალი მიგნება მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანები ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე სწორედ ამ ეპოქაში გამოჩნდნენ. ცნობილია, რომ ისინი მასტოდონტების მსგავს დიდ ცხოველებზე ნადირობდნენ. იქ აღმოჩენილია ქვის იარაღებიც, მაგრამ ისინი ზემოხსენებულ ნამარხზე რამდენიმე ათასი წლით გვიანდელია.
ამის მიუხედავად, შესაძლებელია, სხვა კვლევებით მათი თანაცხოვრების პერიოდის შესახებ მეტი შევიტყოთ. მაგალითად, სპეციალისტები იარაღებისა და თავად ძვლებზე ხელოვნურად მიყენებული დაზიანებების მოძიებას იმედოვნებენ.
კომენტარები