ტვინის ახალი სტიმულატორი პარკინსონის სიმპტომების ხანგრძლივობას ანახევრებს
მცირემასშტაბიანი კლინიკური კვლევის ადრეულ ფაზაში მეცნიერებმა პარკინსონის მქონე პაციენტებზე ტვინის ახალი სტიმულატორი გამოცადეს, რომელიც ამ ორგანოში ჩანერგილ ელექტროდებს იყენებს. მას ტვინის ღრმა ადაპტაციური სტიმულაციის (aDBS) სისტემა ეწოდება.
ის ელექტრულ იმპულსებს რეალურ დროში ავტომატურად აგზავნის, როცა სპაზმებს ან შენელებულ მოძრაობას აფიქსირებს. შედეგად, ამ დაავადების მოტორული სიმპტომების ხანგრძლივობა ნახევრდება და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ადამიანთა ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. შედარებისთვის, ტრადიციული სტიმულატორები მუდმივად აქტიურია, ანუ მათგან ტვინს გარკვეული იმპულსები უწყვეტად გადაეცემა.
პარკინსონი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომლის დროსაც ნერვული სისტემა ზიანდება. ტვინის ეს უჯრედები ჩვენს მოძრაობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამიტომ მათი განადგურება მოტორულ პრობლემებს იწვევს. ამის უკან დოფამინის დონის შემცირებაც დგას, რისთვისაც პაციენტები მედიკამენტ Levodopa-ს იღებენ, მაგრამ დაავადების პროგრესირებისას ის ხშირად ეფექტიანობას კარგავს.
ამ ეტაპზე ადამიანები უკვე ტვინის სტიმულაციას მიმართავენ, რათა უსიამოვნო სიმპტომები გააკონტროლონ. ეს მეთოდი უსაფრთხოა და მუშაობს, მაგრამ მუდმივმა სტიმულაციამ შესაძლოა, სიმპტომები სათანადოდ ვერ აღმოფხვრას ან ზედმეტი იმპულსები გაგზავნოს. მეცნიერებს უკეთესი ვარიანტის გამოცდა სურდათ, ამიტომ პარკინსონის მქონე 4 კაცის ტვინში ელექტროდები ჩანერგეს. ამ მოწყობილობას მუდმივო სტიმულაციისა და aDBS რეჟიმს შორის გადართვა შეუძლია.
თითოეულ პაციენტს ჰკითხეს, რომელი სიმპტომი აწუხებდათ ყველაზე მეტად. სამმა მათგანმა მოძრაობის შენელება დაასახელა, ერთმა კი — სპაზმები. ალგორითმის მეშვეობით მეცნიერებმა ტვინის ორ რეგიონში ამ სიმპტომების ნიშნების იდენტიფიცირება მოახერხეს, რათა მათი პროგნოზირება და რეაგირება შესძლებოდათ. aDBS ტვინის იმ სიგნალზე რეაგირებდა, რომელიც მედიკამენტის მეშვეობით დოფამინის დონის მომატებას, შემდეგ კი შემცირებას ახლდა.
როგორც ვახსენეთ, მოწყობილობა მუდმივ და aDBS რეჟიმს შორის ირთვებოდა, მაგრამ პაციენტებმა არ იცოდნენ, როდის რომელი სტიმულაციის ქვეშ იყვნენ. ამის მიუხედავად, გარკვეული დროის შემდეგ ისინი უკვე კარგად არჩევდნენ, რომელ დღეებში იყო აქტიური aDBS, რადგან მათი მოტორული ფუნქციები საგრძნობლად უმჯობესდებოდა. პაციენტები სტიმულაციას მობილური აპლიკაციით აფასებდნენ და aDBS-ს უპირატესობა ამანაც აჩვენა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ტექნოლოგიით მეტ სარგებელს ისინი მიიღებენ, ვისი სიმპტომებიც დღის განმავლობაში ცვალებადია. ისინი გეგმავენ, რომ შემდეგ ეტაპზე სტიმულატორი სხვა სიმპტომებზეც გამოცადონ, მაგალითად მეხსიერებისა და განწყობის პრობლემებზე.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Medicine გამოქვეყნდა.
კომენტარები