4 რჩევა, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგვეხმარება
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სულ უფრო იზრდება. მაგალითად, თუ 2000 წლისთვის 100 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობა 151 000 იყო, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 573 000-ზე ავიდა.
ასეთი ინდივიდების შემთხვევაში იშვიათად აღინიშნება ქრონიკული დაავადებები. ამ ყველაფერში დიდ როლს გენეტიკა ასრულებს, მაგრამ ის თუ როგორ დაბერდებით 60%-ით დამოკიდებულია თქვენი ცხოვრების წესზე.
მეცნიერებმა ას წელს გადაცილებული ადამიანები შეისწავლეს და სწორედ აქედან იმ 4 ფაქტორზე გაუსვეს ხაზი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგვეხმარება.
1. მრავალფეროვანი კვების რაციონი და მარილის დაბალანსებული დოზა
კვლევამ აჩვენა, რომ ას წელს გადაცილებული ადამიანები ენერგიის 57-65%-ს ნახშირწყლებიდან იღებდნენ, 12-32%-ს ცილებიდან, ხოლო 27-31%-ს ცხიმებიდან. მათი კვების რაციონი ძირითადად მოიცავდა ბრინჯს, ხორბალს, ხილს, ბოსტნეულს და ისეთ ცილებით მდიდარ საკვებს, როგორიცაა ფრინველის, თევზისა და საქონლის ხორცი.
აღსანიშნავია, რომ კვლევის მონაწილეები წითელ ხორცს ზომიერად მოიხმარდნენ. ამასთან, მნიშვნელოვანია მარილის მიღების გაკონტროლებაც. WHO-ს რეკომენდაციით, მარილის დღიური დოზა ორ გრამს არ უნდა აღემატებოდეს, მაშინ როცა კვლევის მონაწილეები მხოლოდ 1.6 გრამს იღებდნენ.
2. მედიკამენტების სწორად მიღება
დაავადებისგან ბოლომდე დაცული ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ისინი ვინც 100 წელს აღწევენ ქრონიკული დაავადებებით იშვიათად იტანჯებიან.
ას წელს გადაცილებულ ადამიანებზე კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი ადამიანები საშუალოდ 4.6 წამალს იღებდნენ, როდესაც საშუალოდ ადამიანი 6.7 მედიკამენტს იღებს. ამის განმსაზღვრელი ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს, მაგრამ ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ მედიკამენტების სწორად მიღება უმნიშვნელოვანესია.
"საჭიროა მედიკამენტების მიღების რეგულირება. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები მედიკამენტებს ტყუილად იღებენ", — აღნიშნულია კვლევაში.
3. კარგი ძილი
ძილის ხარისხი და დრო გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, სტრესზე, ჰორმონებზე და კარდიომეტაბოლურ ფუნქციებზე, როგორიცაა წონა, წნევა და დიაბეტი. კარგი ძილი ასოცირდება ჯანმრთელობასთან, დიდხანს სიცოცხლესთან და ქრონიკული დაავადებების რისკის შემცირებასთან.
კვლევამ აჩვენა, რომ 100 წელს გადაცილებული ადამიანების 68% ძილის ხარისხით კმაყოფილი იყო. ეს მაშინ როდესაც 2020 წლის კვლევის თანახმად, მოზარდების მხოლოდ 29-იდან 67%-მდე იყო ძილის ხარისხით კმაყოფილი.
ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობაა შვიდიდან რვა საათამდეა. ხარისხიანი ძილისთვის საჭიროა ძილის საათების დარეგულირება, მშვიდი გარემოს შექმნა, რეგულარული ვარჯიში და სტრესის მართვა.
4. საცხოვრებელი გარემო
საინტერესოა, რომ ას წელს გადაცილებული ადამიანების 75%-ზე მეტი დიდ ქალაქში არ ცხოვრობდა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ბუნება და სიჯანსაღე ერთმანეთთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ითვლება, რომ მწვანე გარემო ამცირებს როგორც სტრესს, ისე დეპრესიის გამოვლინებას. ამასთან, ეს დადებითად მოქმედებს როგორც წნევაზე, ისე გულზე.
შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხანგრძლივი სიცოცხლის მეოთხე რეკომენდაცია ბუნებაა.
კომენტარები