რუსული პროპაგანდისტული მანქანა მუდმივად ცდილობს საქართველოს დადანაშაულებას 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში. ეს მცდელობები განსაკუთრებული სიმწვავით 7 აგვისტოს იგრძნობა ხოლმე.

წელს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით კი კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის, გმირთა მოედანზე, ფილმის ჩვენება მოაწყო. ნამუშევრით ავტორები გვახსენებენ, თუ ვინ არის ნამდვილი მტერი და ვინ — მეგობარი.

7 აგვისტო არის დღე, როდესაც რუსულმა სამხედრო შენაერთებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვრები და დაიწყეს სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია ჩვენს წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, ეს თარიღი და მისი შედეგები კარგად გვქონდეს გააზრებული. სწორედ ამას ემსახურება კოალიციის მიერ წარდგენილი ვიდეორგოლი:

"ამ რგოლით ჩვენ გვსურს, შევახსენოთ ჩვენს თანამემამულეებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინ არის აგრესორი, რომელმა სახელმწიფომ წამოიწყო ეს სისხლიანი ომი ჩვენს წინააღმდეგ და ამავდროულად, გვსურს იმის ჩვენება, თუ რა განიცადეს ჩვეულებრივმა ადამიანებმა ომის დროს ცხინვალში, ცხინვალის სოფლებში, გორში და დანარჩენ საქართველოში. აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს იმ ადამიანების მსხვერპლი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ბრძოლას თავისუფლებისთვის", — ამბობს კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი მელაშვილი.

ვიდეორგოლი ერთგვარი შეხსენებაა მოსახლეობის ნაწილისთვის, რომელსაც რუსეთის აგრესიის გამართლებას პროპაგანდის გავლენით აიძულებენ. ის აერთიანებს რამდენიმე ადამიანის ამბავს, რომელთაც აგვისტოს ომი პირადად შეეხოთ.

რუსული აგრესია 2008 წელს არ დასრულებულა; ის დღემდე გრძელდება. კოალიციის განცხადებით, 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღებიდან დღემდე, საოკუპაციო რეჟიმმა სულ მცირე 7 საქართველოს მოქალაქე იმსხვერპლა. საქართველოში არსებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონაცემების თანახმად, 2013-2024 წლებში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს 2,418 პირი, თუმცა დაკავებულთა რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

დღეისათვის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერებულია, პარალელურად კი გრძელდება რუსული პროპაგანდისა და ნარატივების გავრცელება. სამწუხაროდ, ამ კუთხით ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურობენ.

ქართულმა ოცნებამ 7 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, სადაც წინა ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირების გასამართლება დაანონსა. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა იქვე აღნიშნეს, რომ 7 აგვისტო რადიკალური ოპოზიციის მიერ მოგონილი თარიღია და რეალობასთან საერთო არ აქვს.

"რუსული პროპაგანდა ყოველთვის ცდილობდა, რომ ომის დაწყებაში დაედანაშაულებინა საქართველო. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არის შეჩერებული, ჩვენ ისევ ვისმენთ მცდელობებს — საქართველო დადანაშაულდეს ომის დაწყებაში. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, რა თქმა უნდა, ეს არის სიცრუე და გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ მმართველმა პარტიამ განახორციელოს ის რეფორმები, რომელიც აუცილებელია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს რუსული პროპაგანდის ტირაჟირება იქნება ეს რუსული პროპაგანდისტული გზავნილები, რუსული კანონები თუ რუსული გზებით ქვეყნის მმართველობის მცდელობა. 7 აგვისტო არის თარიღი, როდესაც რუსეთის შეარაღებული ძალები შემოვიდნენ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე, შელახეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დაიწყეს სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ", — გვიყვება გიორგი მელაშვილი.

გიორგი მელაშვილი

ფოტო: კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის

რუსეთის მხრიდან საქართველოს დაპყრობის მცდელობები მრავალფეროვანია. ოკუპაციის ისტორია ერთმანეთისგან განსხვავებულ მიდგომებსა და მეთოდებს ინახავს. თუმცა დღეს მიმდინარე პროცესი, განსაკუთრებით ინტერნეტის ეპოქაში, ძალიან საშიში და საფრთხილოა.

თუ ადრე ფიზიკური ძალით, ომით, ჯარისკაცებით თუ მცოცავი ოკუპაციით ცდილობდნენ ქვეყნის სუვერენიტეტის შერყევას, დღეს ეს პროპაგანდის გზით ხდება.

"ყველამ, განსაკუთრებით დღეს, როდესაც მთელმა მსოფლიომ დაინახა, რეალურად ვინ დაიწყო ომი, ვინ არის აგრესორი, არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაში, ჩვენ გავიხსენოთ და ყოველთვის ხმამაღლა ვთქვათ, რომ პირველი ომი (საჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ), როდესაც რუსეთმა სცადა საკუთარი იმპერიალისტური ზრახვების განხორციელება იყო ომი აგვისტოში, 2008 წელს და საქართველო იყო მისი პირველი მსხვერპლი", — გიორგი მელაშვილი.

რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას, გატაცებასა და მკვლელობას. ამ პირობებში კი კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის ერთადერთ გამოსავლად ევროინტეგრაციის გაძლიერებასა და დასავლური ალიანსის აღდგენას ხედავს. გიორგი მელაშვილის თქმით, ეს აუცილებელია ქვეყანაში ოკუპაციის დასასრულებლად და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

აგვისტოს ომის 16 წლისთავისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ როგორ დაიწყო რუსეთმა საქართველოსთან ომი და როგორ ცდილობს დღეს ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანას. ჩვენება სიმბოლურ ადგილას — ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულთა მემორიალის წინ გაიმართა.

ფოტო: კოალიცია ინფოარმაციის სანდოობისთვის

"სიმბოლურია ჩვენთვის დღეს აქ მოსვლა, პატივის მიგება ჩვენი გარდაცვლილი გმირებისთვის. პირადად ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აქ ყოფნას, რადგან ბაბუაჩემიც დაიღუპა ჩვენი სამშობლოს ერთიანობისთვის აფხაზეთში, 1993 წელს, ჟიული შარტავას და სხვების გვერდით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მომავლის ხედვების გაჟღერება [დამსწრე საზოგადოებისთვის]. საჭიროა ყველასთვის საქართველოს ერთადერთი სწორი გზის კიდევ ერთხელ შეხსენება და დანახება. ამ გზას ევროპული გზა, მშვიდობისკენ მიმავალი გზა ჰქვია, რადგან ეს არის ერთადერთი სივრცე, სადაც ჩვენ შევძლებთ ნამდვილ, მშვიდობიან განვითარებას. საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში არის ერთადერთი სათანადო დაფასება ამ გმირების ღვაწლისა და თავდადების", — განაცხადა NEWS.On.ge-სთან გიორგი მელაშვილმა.