ზოგჯერ მკვდარი ვარსკვლავები ხელახლა ანათებს — შესაძლო მიზეზი გრავიტაციაა
ნეიტრონული ვარსკვლავი მასიური მნათობის ბირთვს ეწოდება, რომელმაც კოლაფსი განიცადა. ის წარმოუდგენლად მკვრივია და საკმაოდ პატარა სივრცეში დიდძალ მასას აერთიანებს, თავად მატერია კი მეტწილად ნეიტრონებისგან შედგება.
ასეთი სიმკვრივის გამო ნეიტრონულ ვარსკვლავებს ძლიერი გრავიტაცია ახასიათებს, რომელსაც მხოლოდ შავი ხვრელის მიზიდულობა აღემატება. სახელის მიუხედავად, მათ ელექტრული მუხტი მაინც გააჩნია, რაც სწრაფ ბრუნვასთან ერთად გასაოცარ მაგნიტურ ველს ქმნის, სამყაროში ყველაზე მძლავრსაც კი.
ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, ამგვარი მახასიათებლები ნეიტრონული ვარსკვლავების მიერ კაშკაშა სინათლის ხანმოკლე გამოსხივებებს იწვევდეს, რასაც სწორედ მათი გრავიტაცია უნდა განაპირობებდეს. ეს მოულოდნელი ანთებები რეზონანსს უკავშირდება, ანუ ფიზიკურ სისტემაში ენერგიის კონკრეტული სიხშირით შედინებას, რითაც ის ძლიერდება.
ნეიტრონული ვარსკვლავების შემთხვევაში, მათ გარშემო არსებული მაგნიტური ველი დიდი ოდენობით სინათლის ნაწილაკებს, ფოტონებს, წარმოქმნის. როგორც წესი, ისინი უბრალოდ იფანტება და მნათობის ბირთვის ზოგად ელვარებას ემატება, მაგრამ სწრაფად მბრუნავ ნეიტრონულ ვარსკვლავს გრავიტაციული ტალღების წარმოქმნაც შეუძლია.
შავი ხვრელებისა და ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებისას ფორმირებული გრავიტაციული ტალღები ასტრონომებს უკვე დაფიქსირებული აქვთ, მაგრამ ბირთვის სწრაფი ბრუნვის პროცესი უფრო მაღალი სიხშირის ტალღებთან ასოცირდება. ვარაუდობენ, რომ მათ შესაძლოა, ენერგია მაგნიტური ველის ფოტონურ რეგიონში გადაიტანოს და რეზონანსი გამოიწვიოს.
თუ ტალღები სათანადო სიხშირის იქნება, არაა გამორიცხული, ეს ფოტონების აჩქარებას დაედოს საფუძვლად და გრავიტაციული ველის მიერ უფრო მეტი ასეთი ნაწილაკის წარმოქმნა განაპირობოს. შედეგად, სინათლის კაშკაშა ნაკადების მიღებაა მოსალოდნელი.
ავტორთა თქმით, შესაძლებელია, ზოგიერთი გამა და რადიოგამოსხივებაც გრავიტაციისა და სინათლის ასეთი რეზონანსით იყოს გამოწვეული. მათი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები