როგორი ფერის თვალებია ყველაზე მეტად გავრცელებული მსოფლიოსა და საქართველოში
ძველად უკლებლივ ყველა ადამიანს ყავისფერი თვალები ჰქონდა, მაგრამ დაახლოებით 6 000-10 000 წლის წინ ჩვენს ერთ-ერთ წინაპარში OCA2 გენმა მუტაცია განიცადა. ამან მასში და მის შთამომავლობაში მხედველობის ორგანოს გარსში პიგმენტ მელანინის გამოყოფა შეაფერხა. შედეგად თვალების ღია შეფერილობა მივიღეთ, მათ შორის ცისფერი, მწვანე და თაფლისფერი.
დაფიქრებულხართ, მათგან რომელია ყველაზე მეტად გავრცელებული დღევანდელ მსოფლიოში?
ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ეს ყავისფერია. ამის მიუხედავად, სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყანაში ამა თუ იმ ფერის თვალების პროცენტული გადანაწილება სხვადასხვაგვარია. მაგალითად, 2014 წლის კვლევის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი პოპულაციის 45%-ში ყავისფერი გვხვდება, 27%-ში, ცისფერი, 18%-ში თაფლისფერი, 9%-ში კი — მწვანე.
ყავისფერი თვალები დომინანტურია აფრიკაში, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში. რაც შეეხება ევროპასა და ცენტრალურ აზიას, იქ მდებარე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, არსებული მაჩვენებლები 2019 წელს გამოქვეყნდა. კვლევაში რამდენიმე კატეგორიაა გამოყოფილი: ყავისფერი/თაფლისფერი, ცისფერი და გარდამავალი.
აი, შედეგებიც:
როგორც ხედავთ, ჩვენს ქვეყანაში ყავისფერი თვალები ყველაზე მეტ ადამიანს, კერძოდ მოსახლეობის 73.68%-ს აქვს. მეორე ადგილზე გარდამავალი შეფერილობაა 18.79%-ით, ბოლოზე კი ლურჯია — 7.51%-ით.
მაინც რა იწვევს ევროპაში თვალის ფერის მეტ ვარიაციას?
მეცნიერებს რამდენიმე მოსაზრება აქვს. ერთ-ერთს ვიტამინ D-ს ჰიპოთეზა ეწოდება. მისი მიხედვით, ღია ფერის კანი, თვალები და თმა პრეისტორიულ ადამიანებს ჩრდილოეთ განედებისთვის დამახასიათებელ ნაკლებ მცხუნვარებასთან ადაპტაციაში დაეხმარა. სხვა იდეის თანახმად, ეს ევროპელებში ნეანდერტალელთა გენების მეტ რაოდენობას უკავშირდება. რეალურად, მსგავსი ვარიაცია რამდენიმე ფაქტორის შედეგი უნდა იყოს.
ღია ფერის თვალებზე პასუხისმგებელი გენები რეცესიულია, ანუ შვილს ორივე მშობლისგან უნდა გადაეცეს. ამის გამო არსებობს მოსაზრება, რომ მსგავსი შეფერილობა მალე გაქრება, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან დღევანდელ პოპულაციაში საკმარისი რაოდენობის მწვანე თუ ცისფერთვალება ინდივიდია.
კომენტარები