გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელზეც ლაყე კვერცხის სუნია და დამდნარი მინის წვიმა მოდის
HD 189733 b ჩვენგან დაახლოებით 64 სინათლის წლით დაშორებული ეგზოპლანეტაა, რომელიც საკუთარ ვარსკვლავთან იმაზე 13-ჯერ ახლოსაა, ვიდრე მერკური — მზესთან. ის მის გარშემო სრულ ბრუნს მხოლოდ 2 დღეს ანდომებს, ხოლო ციურ სხეულზე ტემპერატურა 925°C-ს აღწევს.
ახალი კვლევის ფარგლებში ასტრონომებმა ეს ციური სხეული ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით შეისწავლეს და მის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის, ჟანგბადის, წყლისა და მძიმე მეტალების კონცენტრაცია გამოთვალეს. ასევე, იქ გოგირდწყალბადი აღმოაჩინეს — მომწამლავი, უფერო და მარტივად აალებადი აირი, რომელიც ლაყე კვერცხის სუნთან ასოცირდება. ის დედამიწაზე ვულკანური აქტიურობისას და ორგანული მატერიის დაშლისას წარმოიქმნება.
წინა დაკვირვებების მიხედვით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ HD 189733 b-ზე დამდნარი მინის წვიმა უნდა მოდიოდეს. წვეთები გვერდულადაა დახრილი ძლიერი ქარის გავლენით, რომელიც საათში 800 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდება, რაც დედამიწის მეხუთე კატეგორიის ციკლონს სიმძლავრით დაახლოებით 3-ჯერ აღემატება.
რაც შეეხება გოგირდწყალბადს, აქამდეც ვარაუდობდნენ, რომ აირისგან შედგენილი ციური სხეულების ატმოსფეროებში მისი არსებობა მოსალოდნელია, რადგან მსგავსი მოლეკულები იუპიტერსა და ურანშიც გვხვდება. ამის მიუხედავად, ის მზის სისტემის მიღმა, ვარსკვლავთაშორის სივრცეში, ძალიან იშვიათადაა დაფიქსირებული, თანაც მცირე რაოდენობით.
ამ ნაერთის მიკვლევა მიანიშნებს, რომ ეგზოპლანეტის ატმოსფეროში გოგირდია, რომელიც რთული მოლეკულების წარმოსაქმნელად უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მას, ასევე, დედამიწური სიცოცხლის ფორმებშიც დიდი როლი აქვს, მაგრამ HD 189733 b-ზე ცოცხალი არსებებისთვის შეუსაბამო გარემოა. უკანასკნელი მიგნება იმედის მომცემია, რადგან შესაძლოა, გოგირდწყალბადი სხვა, უკეთესი პირობების მქონე, ციურ სხეულებზეც აღმოვაჩინოთ.
უნდა აღინიშნოს, რომ ვების ტელესკოპი HD 189733 b-ს მსგავსი ეგზოპლანეტების შესასწავლად ერთ-ერთი საუკეთესოა. ის სხვადასხვა ნაერთსა თუ ქიმიურ ელემენტს მარტივად აფიქსირებს. მაშ შორს მზის სისტემაში მდებარე პლანეტებსა და ბუნებრივ თანამგზავრებზეც. შესაბამისად, მომავალში უფრო საინტერესო აღმოჩენებს უნდა ველოდოთ.
კომენტარები