ვების ტელესკოპმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო — ასე გაჩნდა მზეც
საითაც არ "გაიხედავს", ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ნამდვილ საოცრებას ხედავს. ამჯერად, ვებმა ახალგაზრდა პროტოვარსკვლავი დააფიქსირა, რომელიც მხოლოდ 100 000 წლისაა.
ვარსკვლავს L1527 ჰქვია და ის ჯერ კიდევ მოლეკულურ ღრუბელშია ჩაფლული. სწორედ ამ ღრუბელმა წარმოშვა ახალგაზრდა ვარსკვლავი. ვების ტელესკოპი ამიტომაც არის გამორჩეული, რადგან მას კოსმოსური მტვრისა და გაზის მიღმა შეუძლია დანახვა. შედეგი სახეზეა — ვარსკვლავი ფორმირების ადრეულ ეტაპზე!
ეს სურათი MIRI-ის ინფრაწითელი ინსტრუმენტითაა გადაღებული. ახალგაზრდა პროტოვარსკვლავი ფოტოს ცენტრშია და ის ჯერ კიდევ იზრდება. L1527 მასას პროტოპლანეტარული დისკიდან აგროვებს, რომელიც მას აკრავს.
პროტოვარსკვლავი ჩამოყალიბებული ვარსკვლავისგან განსხვავდება. მასში შერწყმა არ ხდება ისე, როგორც ეს ჩვეულებრივ ვარსკვლავში. შესაბამისად, პროტოვარსკვლავი ენერგიას სხვაგვარად გამოიმუშავებს.
როდესაც ვარსკვლავის გრავიტაციული ძალა მასალას იზიდავს, ასეთ დროს მატერია იკუმშება და ცხელდება. რაც შეეხება ენერგიას, ის ჩნდება დარტყმითი ტალღებისგან, როდესაც მატერია გაზს ეჯახება. სწორედ ეს პროცესია რაც პროტოვარსკვლავის ნათებას იწვევს.
ფოტოზე თქვენ მატერიისა და ენერგიის ურთიერთქმედების შედეგს ხედავთ.
დროთა განმავლობაში, პროტოვარსკვლავის გარშემო გაზი და მტვერი გაქრება და ჩამოყალიბებას დაიწყებს პროტოპლანეტარული დისკი. უკვე ამის შემდეგ, გაჩნდება პლანეტები და ვარსკვლავი მათ ცენტრში მოექცევა.
მიუხედავად ამისა, ასტრონომებმა ბოლომდე არ იციან თუ როგორ ყალიბდება პროტოვარსკვლავი და სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად არსებობს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი.
ამიტომ, ლამაზი სანახაობის გარდა, ასტრონომებისთვის ასეთ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვების ტელესკოპი გვაახლოებს იმის გაგებასთან, თუ როგორ ყალიბდებოდა და ყალიბდება ვარსკვლავები (მათ შორის ჩვენი მზეც). ცნობილია, რომ ოდესღაც ჩვენმა ვარსკვლავმაც იგივე პროცესები გაიარა.
კომენტარები