410 მილიონი წლის წინ მონღოლეთის ტერიტორიაზე დედამიწის ქერქის გახლეჩამ ოკეანე წარმოქმნა
410 მილიონი წლის წინ დედამიწის მანტიიდან ამომავალმა გავარვარებულმა ქვებმა ახლანდელი მონღოლეთის ტერიტორიაზე პლანეტის ქერქი გაარღვია და იქ წყლის უზარმაზარი ბუნებრივი რეზერვუარის გაჩენას შეუწყო ხელი. მას მონღოლეთ-ოხოტის ოკეანეს უწოდებენ და ის 115 მილიონი წელი არსებობდა.
მისი შესწავლა მეცნიერებს უილსონის ციკლის შესახებ მეტის გაგებაში ეხმარება, რაც სუპერკონტინენტების დანაწევრებასა და შეერთებას გულისხმობს. ეს ძალიან ნელი და ფართომასშტაბიანი პროცესია, რომლის დროსაც ყოველწლიურად ფილები მხოლოდ 3 სანტიმეტრამდე მანძილზე გადაადგილდება.
ამგვარი მონაცემებით საშუალება გვეძლევა, უკეთ წარმოვიდგინოთ, თუ როგორ გაიყო რამდენიმე ნაწილად სუპერკონტინენტი პანგეა დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ და როგორ ურთიერთქმედებდა მაშინ დედამიწის მანტია ქერქთან.
კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ჩრდილო-დასავლეთ მონღოლეთში აღმოჩენილი ვულკანური ქვები გააანალიზეს, რომლებიც დევონური პერიოდიდანაა (419-359 მილიონი წლის წინანდელი ეპოქა). ამ დროს ოკეანეებში თევზები დომინანტობდნენ და მცენარეები ვრცელდებოდა ხმელეთზე, რომელიც ორი კონტინენტის სახით არსებობდა — გონდვანა და ლავრენტია. მათ გარდა იყო მიკროკონტინენტებიც, რომლებმაც მოგვიანებით ახლანდელი აზია წარმოქმნა.
მონღოლეთში ზედაპირზე სწორედ კონტინენტების მაფორმირებელი შეჯახებების დროინდელი ქვებია შემორჩენილი. მათმა შესწავლამ ცხადყო, 410-415 მილიონი წლის წინ აღნიშნულ რეგიონში ოკეანე გაჩნდა. დაფიქსირდა მანტიის ცხელი მატერიის ნაკადის კვალიც, რომელიც უილსონის ციკლის პირველი ეტაპისთვისაა დამახასიათებელი — გახლეჩისთვის.
როგორც წესი, ეს პროცესი ხმელეთის მასის შუაში მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში, ეს ისეთ ადგილას მოხდა, სადაც ადრეულ პერიოდში სუპერკონტინენტები პირიქით, შეერთდა. შესაბამისად, იქ სუსტი ზონები იყო, რასაც მანტიის ნაკადიც დაემატა და ოკეანე წარმოქმნა. მოგვიანებით, 115 მილიონ წელში, "ნაპრალი" ზუსტად იმ არეალშივე დაიხურა. ამან ჩრდილო-დასავლეთ მონღოლეთში ვულკანური ქვების სახით კვალი დატოვა.
უნდა ითქვას, რომ მსგავსი რამ დღესაც ხდება, მაგრამ წითელი ზღვის მიმდებარედ, რომლის ქვეშაც ქერქი წელიწადში 1 სანტიმეტრით იხსნება. ესაა უფრო ფართომასშტაბიანი კონტინენტური გადანაცვლების ნაწილი, რომლის შედეგადაც შესაძლოა, აღმოსავლეთ აფრიკაში ათობით მილიონ წელში ოკეანე გაჩნდეს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები