ღორზე ნადირობა — გამოქვაბულის მხატვრობა, რომელიც 50 000 წლის წინ მომხდარ ამბავზე გვიყვება
ნახატი 51 200 წლის წინ არის შექმნილი და ის უძველესი ნარატიული ხელოვნების ნიმუშია, რაც კი აქამდე აღმოუჩენიათ.
ათწლეულების წინ, ინდონეზიის სულავერის კუნძულის გამოქვაბულის კედელზე უძველეს ნახატს მიაგნეს. მასზე ღორი და ადამიანები იყვნენ გამოსახული.
და, აი, ახლა უახლესი ტექნიკის გამოყენებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს გამოსახულებები შეიძლება ხელოვნების უძველესი ნიმუში იყოს. აღმოჩნდა, რომ ნახატი 51 200 წლის წინ არის შექმნილი და ის უძველესი ნარატიული ხელოვნების ნიმუშია, რაც კი აქამდე აღმოუჩენიათ.
"ეს ნარატიული კომპოზიცია, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანები ღორებთან ურთიერთქმედებდნენ, ამ მომენტში ხელოვნებისა და ვიზუალური თხრობის ყველაზე ადრეული ნიმუშია. როგორც ჩანს, ასეთ ნახატებს ადრეული ჰომო საპიენსებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა", — ამბობენ მკვლევრები.
აღსანიშნავია, რომ ეს ადგილი არქეოლოგებისთვის აქამდეც ცნობილი იყო. ჯერ კიდევ 2019 წელს, ამ გამოქვაბულში Leang Bulu' Sipong 4 აღმოაჩინეს, რომელშიც ადამიანის მსგავსი არსებები, ცხოველებთან ერთად არის გამოსახული. ეს ნახატი 43 900 წლით დაათარიღეს. იმ დროისთვის ეს გამოქვაბულის უძველეს ხელოვნების ნიმუშად ითვლებოდა, რომელზეც ნარატივი იკითხებოდა. თუმცა, რეკორდი მალევე მოიხსნა და ორი წლის შემდეგ, მიაგნეს ღორის გამოსახულებას, რომელიც უკვე 45 500 წლით დაათარიღეს.
ახალმა კვლევამ კი აჩვენა, რომ Leang Bulu' Sipong 4 იმაზე უფრო ძველია, ვიდრე აქამდე გვეგონა. თუმცა, აქვე გადააწყდნენ Leang Karampuang-ს გამოქვაბულს, რომელშიც კიდევ უფრო ძველი ხელოვნების ნიმუშია. ახალი ტექნიკის გამოყენებამ აჩვენა, რომ სწორედ აქ არის ამ მომენტისთვის უძველესი ხელოვნების ნიმუში, რომელიც ადამიანების ღორთან ურთიერთქმედებაზე მოგვითხრობს.
მკვლევრების თქმით, ეს რეგიონი გამოქვაბულის მხატვრობით ძალიან მდიდარია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში შეიძლება კიდევ უფრო ძველი ნიმუში აღმოაჩინონ.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები