ახალი კვლევის თანახმად, მიწაზე სწრაფად გადაადგილებისას ჰიპოპოტამებს ზოგჯერ ჰაერში აჭრაც შეუძლიათ.

ეს ცხოველები საშუალოდ ორიათას კილოგრამს იწონიან და დროის დიდ ნაწილს წყალში ატარებენ. მიუხედავად ამისა, სამეფო ვეტერინარული კოლეჯის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სწრაფად მოძრაობისას ჰიპოპოტამებს შეუძლიათ, მიწას ოთხივე კიდურით მოსწყდნენ.

მკვლევრებმა ვიდეოები გააანალიზეს, რომლებშიც 32 ჰიპოპოტამის მოძრაობის 169 ციკლია აღბეჭდილი. დაადგინეს, რომ ძალიან სწრაფი ჰიპოპოტამები თითო ნაბიჯის გადადგმისას დაახლოებით 15%-ს ჰაერში ატარებენ, ანუ ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში მათი ფეხები მიწას არ ეხება.

პროფესორმა ჯონ ჰაჩინსონმა, კვლევის ხელმძღვანელმა, CNN-თან განაცხადა, რომ ხმელეთზე ჰიპოპოტამების გადაადგილების თავისებურებებზე ძალიან ცოტა რამაა ცნობილი, რადგან ამ ცხოველების შესწავლა საკმაოდ რთულია.

გარდა იმისა, რომ ჰიპოპოტამები დიდ დროს ატარებენ წყალში, ჰაჩინსონის თქმით, ისინი "ძალიან აგრესიულები და სახიფათოები არიან" და ღამით მეტად აქტიურობენ.

ცნობისთვის, IFLScience-ის მიხედვით, ჰიპოპოტამებს ცურვა არ შეუძლიათ — ისინი უბრალოდ მდინარის ფსკერზე დადიან და დახტიან. მათ წყალზე ტივტივი არ შეუძლიათ, რადგან საშუალოდ ორიათას კილოგრამს იწონიან. ამის გამო წყლის ზედაპირზე დასაბრუნებლად ხტუნაობა სჭირდებათ.

///

მკვლევართა მიერ შესწავლილ ვიდეოებში ჩანს, რომ ჰიპოპოტამები სწრაფად გადაადგილდებოდნენ, როცა გარკვეული მოტივი ჰქონდათ, მაგალითად, როცა მეტოქე ჰიპოპოტამს მისდევდნენ ან თავად მისდევდათ მტაცებელი.

გუნდმა ჰიპოპოტამებში კიდევ ერთი უჩვეულო რამ აღმოაჩინა: ჰიპოპოტამებს ჩორთიც ახასიათებთ, ანუ ისე შეუძლიათ სიარული, რომ ჯერ ორი დიაგონალური კიდური მოძრაობს ერთდროულად ერთი და იმავე მიმართულებით, შემდეგ კი — მეორე დიაგონალური კიდურები. ამ დროს სიჩქარეს არა აქვს მნიშვნელობა. ეს მაშინ, როცა სხვა ძუძუმწოვრები სიჩქარის მიხედვით გადაერთვებიან ხოლმე სიარულიდან ჩორთზე, შემდეგ კი ნავარდობაზე.

ჰაჩინსონის აზრით, მიგნებები შეიძლება დაგვეხმაროს, რომ ჰიპოპოტამების დატყვევების კუთხით გონივრული მიდგომები შევიმუშაოთ; გამარტივდება იმის დაფიქსირება და კონტროლიც, რაიმე ფიზიკური პრობლემა ხომ არ აქვს ცხოველს.

ერთ-ერთ ვიდეოში პატარა ჯუჯა ჰიპოპოტამის ნავარდობა ჩანს. ამით შთაგონებულ მეცნიერს სამომავლოდ იმის გარკვევა სურს, კარგავენ თუ არა პატარა ჰიპოპოტამები ამის უნარს ზრდასთან ერთად.

ნაშრომი ჟურნალ PeerJ-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.