რიტუალი გამოქვაბულიდან — უძველესი ტრადიცია, რომელმაც 12 000 წელს გაუძლო
მკვლევრების თქმით, ეს უძველესი ტრადიციაა, რაც კი ოდესმე შემონახულა.
არქეოლოგებმა 10 000 წლის წინანდელი ცეცხლის კვალი აღმოაჩინეს, რომელიც შეიძლება ყველაზე ხანგრძლივი რიტუალის დამადასტურებელი იყოს. ამ რიტუალს ავსტრალიის კონტინენტზე მცხოვრები ადამიანები ბოლო გამყინვარების პერიოდიდან დღემდე იყენებდნენ.
ცნობილია, რომ გუნაიკურნაის ხალხების მიწები ავსტრალიის ალპების, სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზეა. ალპურ ზონებში ბევრი გამოქვაბულია და ითვლება, რომ ამ ადგილებში უძველესი ადამიანები მოძრაობდნენ.
გამოქვაბულებს გუნაიკურნაის ხალხი მუდმივ თავშესაფრად არ იყენებდა. ისინი აქ "ჯადოსნური" რიტუალების შესასრულებლად მოდიოდნენ, რომელიც ცნობილია როგორც mulla-mulung. მკვლევრებმა ამ პრაქტიკების პირველი კვალი 1800-იან წლებში შენიშნეს, თუმცა შემდეგ ეს ყველაფერი ყველამ მიივიწყა.
და, აი, ახლა არქეოლოგთა ჯგუფმა, რომელიც გუნაიკურნაის ხალხთან მუშაობდა, აღმოაჩინა და აღწერა ორი მინიატიურული "ბუხარი". ეს ადგილები კირქვის მასალით იყო შემოსაზღვრული და თითოეული ხის ერთ ჯოხს მოიცავდა, რომელიც ცხიმოვანი ქსოვილით იყო გაჟღენთილი.
საინტერესოა, რომ ეს რიტუალი მე-19 საუკუნის ჩანაწერებშიცაა აღწერილი. რიტუალს გამოქვაბულში პატივცემული "ექიმი" ატარებდა. ასეთ დროს ხის სპეციალურ ნაწილს წვავდნენ, რითაც "ჯადოს მოხსნა" ხდებოდა. ჯოხი ცხოველის ცხიმით უნდა ყოფილიყო გაჟღენთილი.
როგორც ჩანს, მონაშის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა სწორედ ამ რიტუალის პრაქტიკული მტკიცებულება აღმოაჩინეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გათხრების შედეგად აღმოჩენილი ორი "ბუხარი" და დამწვარი, ცხიმით გაჟღენთილი ჯოხები, 12 000 წლით თარიღდება.
ეს ნიშნავს, რომ ცნობები რიტუალზე ადგილობრივ ხალხებში 12 000 წლის განმავლობაში გადაიცემოდა.
"ამ ადგილს ადამიანები ათასობით წლის განმავლობაში უფრთხილდებოდნენ. რიტუალთან დაკავშირებული ცოდნა ადამიანიდან ადამიანზე ზეპირი სახით გადაიცემოდა. როგორც ჩანს, რიტუალმა 500-მდე თაობას გაუძლო", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ Nature Human Behaviour-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები