რატომ აკლია მობილურის კალენდარში 1582 წლის ოქტომბერს 10 დღე
თუ თქვენი სმარტფონის კალენდარს გახსნით და 1582 წელს მოძებნით, შესაძლოა, რომ ოქტომბრის თვეს 10 დღე აკლდეს. კერძოდ, 4 რიცხვის შემდეგ პირდაპირ 15 მოდიოდეს, შუაში არსებული დღეები კი გამოტოვებული იყოს.
ეს არც აპლიკაციის სისტემური ხარვეზია და არც რაიმე დროით ანომალიას უკავშირდება, არამედ დღეების, კვირების, თვეებისა და წლების დათვლის ცვლილებასთანაა ბმაში.
საქმე ისაა, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ გრიგორიანული კალენდარი 1582 წლის ოქტომბერში მიიღო, მანამდე კი ევროპის უმეტეს ნაწილში იულიუსის კალენდარი გამოიყენებოდა, რომელიც იულიუს კეისარმა ძველი წელთაღრიცხვით 45 წელს შემოიღო. ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგავს, რადგან ორივე მზის კალენდარია და 12 თვეს, თითოეულში 28-30 დღესა (საერთო ჯამში 365-ს) და ნაკიან წელს მოიცავს.
მთავარი განსხვავება სწორედ ისაა, თუ რამდენ ხანში ერთხელაა ნაკიანი წელიწადი. იულიუსის კალენდარში ის ყოველ 4 წელშია, გრიგორიანულში კი ასეა გარდა იმ წლებისა, რომლებიც 100-ზე ზუსტად იყოფა, 400-ზე კი — არა.
ნაკიანი წლები დიდ სხვაობას არ გვაძლევს, მაგრამ ეკლესიისთვის ამან აღდგომის დროის პრობლემა გამოიწვია. 325 წელს გამართული ნიკეის კრების შემდეგ მიიჩნეოდა, რომ აღნიშნული დღესასწაული გაზაფხულის ბუნიობის (21 მარტი) შემდეგი სავსემთვარეობის მომდევნო პირველსავე კვირა დღეს უნდა ყოფილიყო. ამის მიუხედავად, წლების გასვლის პარალელურად გაზაფხულის ბუნიობამ გადაიწია, ამიტომ მე-16 საუკუნეში უკვე 11 მარტს ფიქსირდებოდა და აღდგომის თარიღსაც უშლიდა ხელს.
ამის მოგვარება პაპმა გრიგოლ XIII-მ გრიგორიანული კალენდრით გადაწყვიტა. იმისათვის, რომ ის მზის მოძრაობის თანმიმდევრული ყოფილიყო, სათვალავიდან იულიუსის კალენდრის შეუსაბამობის გამო "დაგროვებული" 10 დღის ამოღება გახდა საჭირო. ოქტომბერი იმიტომ შეარჩიეს, რომ ამ თვეში რაიმე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულ ხელი არ შეეშლებოდა.
4 ოქტომბერს წმინდანად შერაცხილი ფრანცისკე ასიზელის დღეა და კალენდრიდან სწორედ მისი შემდგომი 10 დღე ამოიღეს. ზუსტად ესაა მიზეზი, რომლის გამოც ზოგიერთ კალენდარში 1582 წლის ოქტომბერი არასრულადაა წარმოდგენილი.
კომენტარები