არის კი იუპიტერის დიდი წითელი ლაქა ის, რომელიც 359 წლის წინ აღმოაჩინეს? — კვლევა
ასტრონომმა ჯოვანი კასინიმ 1665 წელს იუპიტერზე დაკვირვებისას გიგანტური მუქი არეალი აღმოაჩინა, რომელსაც "პერმანენტული ლაქა" უწოდა. მიიჩნევა, რომ ის სწორედ დიდი წითელი ლაქაა, რომელიც ამ პლანეტაზე არსებული ყველაზე ცნობილი შტორმია და, ამავდროულად, მზის სისტემაში უდიდესი ასეთი წარმონაქმნია.
მას 1713 წლამდე აკვირდებოდნენ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 1831 წელს, იმავე განედზე შტორმი ხელახლა დააფიქსირეს, მაგრამ იყო კი ეს იგივე?
ახალი კვლევა ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს. მასში გამოთქმულია ვარაუდი, რომ დიდი წითელი ლაქა 359 წლის წინ აღმოჩენილი "პერმანენტული ლაქის" იდენტური არაა, რადგან შედარებით გვიან გაჩნდა.
"ზომასა და მოძრაობაზე დაკვირვებით დავასკვენით, რომ ძალიან მცირე შანსია, ამჟამინდელი წითელი ლაქა ის 'პერმანენტული ლაქა' იყოს, რომელსაც კასინი აკვირდებოდა.
ის მე-18 საუკუნის შუა ხანებიდან მე-19 საუკუნემდე პერიოდში უნდა გამქრალიყო. ამ შემთხვევაში, წითელი ლაქის ასაკი 190 წელს აღემატება", — აცხადებს ნაშრომის თანაავტორი, აგუსტინ ლავეგა.
მან, კოლეგებთან ერთად, დიდი წითელი ლაქის შესახებ არსებული მონაცემები გააანალიზა, რათა გაეგო, როგორ იცვლებოდა ის დროთა განმავლობაში. შემდეგ გუნდმა კომპიუტერული სიმულაციებით სცადა დაედგინა, როგორ წარმოიქმნა ეს შტორმი. წამყვანი თეორია ქარის არასტაბილურობაა, რამაც "წაგრძელებული ატმოსფერული უჯრედის" ფორმირებას შეუწყო ხელი, რომელსაც დღეს ვხედავთ.
ვიცით, რომ ის ნელ-ნელა ზომაში მცირდება. თუ 1879 წელს საკუთარი ყველაზე გრძელი ღერძის გასწვრივ ის 39 000 კილომეტრ მანძილს ფარავდა, ახლა 4 000 კილომეტრზე ვრცელდება. სპეციალისტები დამატებითი სიმულაციების შექმნას გეგმავენ, რათა გაარკვიონ, გაქრება თუ არა ეს შტორმი "პერმანენტული ლაქის" მსგავსად და რამდენად გაჩნდება ამ რეგიონში ახალი შტორმი საუკუნეების შემდეგ.
მათი ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები