ახალი კვლევის თანახმად, კოსმოსურ პირობებს ქალის ორგანიზმი უკეთ უძლებს
ადამიანის ორგანიზმი დედამიწაზე არსებულ პირობებზეა მორგებული, შესაბამისად კოსმოსში მოგზაურობა ჩვენთვის ბევრ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ახალი კვლევის მიხედვით, ასეთ განსხვავებულ პირობებს ქალის სხეული კაცისაზე უკეთ უძლებს.
კოსმოსურ გარემოში, ჩვენს პლანეტასთან შედარებით, ერთ-ერთი მთავარი სხვაობა გრავიტაციის ნაკლებობაა, რაც კუნთების მოდუნებას განაპირობებს და სითხის სათანადო ცირკულაციასაც უშლის ხელს. ასევე, იქ საშიში რადიაციისგან ატმოსფერო ვეღარ გვიცავს. ეს და სხვა ფაქტორები ორგანიზმისთვის სერიოზულ სტრესს ქმნის, ამიტომ მეცნიერები მსჯელობენ, რა გავლენა ექნება ადამიანზე ხანგრძლივ მისიებს, მაგალითად მარსზე.
ამის გასაგებად სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგებიც მიუთითებს, რომ ჩვენს სხეულს კოსმოსური ვოიაჟის შემდეგ ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნება მარტივად შეუძლია.
"ვერაფერი დაგვაბრკოლებს. არა არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მარსამდე და იქიდან დედამიწამდე უსაფრთხოდ ვერ ვიმგზავრებთ", — აცხადებს ფიზიოლოგიის პროფესორი, კრისტოფერ მეისონი
მან და მისმა კოლეგებმა SpaceX-ის მიერ 2021 წელს განხორციელებული კერძო მისია Inspiration4-ის მონაცემები გააანალიზეს. ეკიპაჟის 4-ვე წევრმა, რომელთაგანაც პროფესიონალი ასტრონავტი არცერთი იყო, გაფრენამდე, მისიის დროს და შემდეგ ანალიზები გაიკეთა. მიიჩნევა, რომ მათი ეს ბიოლოგიური მასალა ადამიანის საშუალო მახასიათებლებს უკეთ წარმოაჩენს, თუმცა ავტორებმა NASA-ს 64 ასტრონავტის შესახებ ინფორმაციაც შეისწავლეს.
მათ ყურადღება გენების აქტივობასა და იმუნური სისტემის რეაქციებზე გაამახვილეს. აღმოჩნდა, რომ კოსმოსური მისიებიდან დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ამ გარემოთი გამოწვეულ ცვლილებებს ქალის ორგანიზმი უფრო სწრაფად უმკლავდებოდა, ვიდრე კაცის. მეცნიერები ამბობენ, რომ განსხვავებული პირობები მამრობითი სქესის წარმომადგენლების თითქმის ყველა უჯრედულ ტიპზე ბევრად ძლიერ ზემოქმედებს, რისი ზუსტი მიზეზიც უცნობია.
ავტორები ამას ნაწილობრივ იმას უკავშირებენ, რომ ქალის სხეული ორსულობასთან დაკავშირებული სტრესისთვისაა მზად, რაც შესაძლოა, სხვა მიზეზით გაგანპირობებული ფიზიოლოგიური ცვლილებების გაძლებასაც უწყობდეს ხელს. ერთი-ერთი ასეთია ქრომოსომების დამაბოლოებელი უბნების, ტელომერების, დაგრძელება (ისინი ასაკის მატებასთან ერთად მოკლდება), რისთვისაც კოსმოსში მხოლოდ სამი დღის გატარებაც კი საკმარისია. ასევე, დადგინდა, რომ ამ დროს განსაკუთრებულად აქტიურდება ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო ცილა ციტოკინი, ლეიკოციტების კოდირებაზე პასუხისმგებელი გენები კი პასიურ მდგომარეობაში გადადის.
მიუხედავად იმისა, რომ ქალებს მეტი გამძლეობა აქვთ, ზოგადად ადამიანის ორგანიზმზე ყველა ასეთი გავლენა სულ რაღაც 3 თვეში უკუიქცევა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მსგავსი კვლევები მნიშვნელოვანია ისეთი პრეპარატების შესაქმნელად, რომლებიც არასასურველი ეფექტების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები