უწყების თანახმად, ექსპედიციისას მეცნიერებმა ჩაძირული გემი, სახელად Quest, იპოვეს. იგი ცნობილ მოგზაურ ერნესტ შეკლტონს ეკუთვნოდა და მას ის ანტარქტიკაში გასამგზავრებლად უნდა გამოეყენებინა.

გემი თვის დასაწყისში აღმოაჩინეს კანადის ატლანტიკურ ნაპირთან ახლოს, მღელვარე ყინულიან წყლებში. მეცნიერები 17 საათის განმავლობაში ასკანერებდნენ ფსკერს ჰიდროლოკატორებით.

ფოტო: Royal Canadian Geographical Society

ამ აღჭურვილობით კადრები მოიპოვეს, რომლებიც ჩაძირულ გემს ასახავს. ეს ობიექტი ოკეანის ფსკერზე ძევს, ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის სანაპირო ზოლთან ახლოს.

"ძალიან სწრაფად შევძელით Quest-ის ამოცნობა", — განაცხადა ჯონ გეიგერმა, ექსპედიციის ხელმძღვანელმა — "გემი ხელუხლებელია. იგი თავისსავე კილზე ძევს, ანძა ჩამოვარდნილია და ფსკერზე ჩანს".

შეკლტონის გემი თავიდან სამხრეთ ჯორჯიის კუნძულთან ახლოს ეყენა. ეს კუნძული სამხრეთ ატლანის ოკეანეშია, სამხრეთ ამერიკის დასავლეთით. შეკლტონი ანტარქტიკის გარკვეული ნაწილის დათვალიერებას გეგმავდა, თუმცა მანამდე გულის შეტევამ იმსხვერპლა.

გემი კიდევ მრავალი წელი მსახურობდა სამაშველო და კვლევითი მიზნებით; იყენებდნენ სელაპებზე ნადირობისთვისაც, თუმცა 1962 წელს იგი ყინულმა დააზიანა და ჩაძირა. ეს ნიუფაუნდლენდსა და ლაბრადორთან ახლოს მოხდა.

///

ცნობისთვის, ერნესტ შეკლტონმა სახელი უმეტესად Endurance-ით, სამანძიანი ხის გემით, მოგზაურობით გაითქვა. იგი 1914 წელს ლონდონიდან სამხრეთ პოლუსისკენ გაემგზავრა, რათა პირველად გადაეკვეთა ანტარქტიკა.

მოვლენები არცთუ ისე კარგად წარიმართა: როცა ეკიპაჟი უედელის ზღვას მიადგა, ანტარქტიკის ნაპირთან ახლოს ზღვამ გემი მოიმწყვდია. გემი თვეების განმავლობაში იყო ასე, სანამ არ დაზიანდა და წყალმა შიგნით არ დაიწყო შეღწევა.

გემი ჩაძირვას იწყებდა და სამგზავროდაც აღარ გამოდგებოდა. ამის გამო შეკლტონმა და მისმა ეკიპაჟმა იგი დატოვა. მათ რამდენიმე თვე მოტივტივე ყინულზე გაატარეს, შემდეგ კი რთული სამაშველო მისიის შედეგად მიწაზე დაბრუნდნენ.

ჩაძირული Endurance-ის 2022 წელს იპოვეს, სხვა ექსპედიციისას. იგი წყლის ზედაპირიდან 3 კილომეტრით ქვემოთ იყო ჩაძირული.

ორივე გემის აღმოჩენა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანი და გამოსადეგია თანამედროვე სამყაროსთვის ტექნოლოგიური წინსვლა — ამ შემთხვევაში წყალქვეშა დრონებისა და გამოსახულებების მიღების ტექნიკათა არსებობა.

ჩაძირული გემების პოვნა ასეთი მარტივი და იაფი აქამდე არასდროს ყოფილა, სამომავლოდ კი, საფუძვლიანია ვივარაუდოთ, რომ კიდევ არაერთ საინტერესო აღმოჩენას ვიხილავთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.