შესაძლოა, ზოგი მცენარე "გონიერი" იყოს — კვლევა
კორნელის უნივერსიტეტში მომუშავე ანდრე კესლერისა და დოქტორანტ მაიკლ მიულერის თქმით, შეგვიძლია, ზოგიერთ მცენარეს გონიერების განსაზღვრება მივუსადაგოთ. ეს იმიტომ, რომ დედამიწაზე არსებობს კონკრეტული ჯიშები, რომლებიც სხვადასხვა გარემოებაზე ერთგვარი მეხსიერების მეშვეობით რეაგირებს. ამას ემატება ისეთი "ქცევაც", რომელიც გადაწყვეტილების მიღების უნარს მოითხოვს.
ამის მაგალითად სპეციალისტებს ოქროწკეპლა Solidago altissima მოჰყავთ. როდესაც მის ფოთლებს ხოჭოს ლავრები ანადგურებენ, ის აქროლად ორგანულ ნაერთებს (VOC) გამოყოფს. ეს მწერებს ატყობინებს, რომ მცენარე დაზიანებულია, რაც მათ ახალი საკვების მოძებნისკენ უბიძგებს. ამ დროს იცვლება ფოთლებიდან წითელი სინათლის არეკვლაც. ეს ორივე სიგნალი გამაფრთხილებელია იმავე ჯიშის ახლომდებარე მცენარეებისთვის, რომლებიც ამ ინფორმაციას "შიფრავს".
მიღებული ინფორმაციის საპასუხოდ მათ მიერ მწერების დასაფრთხობად სათანადო ნაერთები გამოიყოფა და ზრდაც ჩქარდება. ეს, მკვლევრების აზრით, მომავალში მოსალოდნელი ცვლილებისთვის მზადებაა, რაც აწმყოში არსებული გარემოებიდან მომდინარეობს.
მეცნიერების თქმით, მსგავსი რამ ახასიათებს თამბაქოსაც, რომელიც ამ მახასიათებლით ასევე გონიერების "ზოგად კონცეფციაში" ჯდება. მას ისინი განმარტავენ, როგორც სხვადასხვა სახის გარემოში მიზნისკენ, მაგალითად გადარჩენისკენ, სწრაფვას. მცენარეები ამისთვის ცენტრალური ნერვული სისტემის ნაცვლად, ქიმიური სიგნალებით სარგებლობენ. ანდრე კესლერისა და მაიკლ მიულერის მოსაზრებით, ეს რა უბრალო რეფლექსი, ანუ ფიქსირებული და შაბლონური ქმედება, არამედ ქმედითი ცვლილებაა, რომელიც მცენარეთა კონკურენციის უკავშირდება.
2022 წლის კვლევაში სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ როდესაც გარშემო სხვა ყვავილები არაა, ოქროწკეპლების ფოთლებიდან გამაფრთხილებელი სინათლე არ გამოიყოფა. ეს ნიშნავს, რომ Solidago altissima სტანდარტულ ქცევას გარემოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით ცვლის.
"ამ განმარტებისა და დაგროვებული მტკიცებულებების მიხედვით, კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, რამდენად გვხდება მცენარეებში გონიერი ქცევა, არამედ როგორ მიიღწევა ეს ნერვული სისტემის გარეშე და რა ეკოლოგიური შედეგი მოჰყვება", — აცხადებს კესლერი.
მცენარეების მიერ აქროლადი ორგანული ნაერთების გამოყენების შესახებ 1980-იანი წლებიდანაა ცნობილი, შესაბამისად ოქროწკეპლა ერთადერთი ჯიში არაა, რომელშიც ეს ფიქსირდება. ამის მიუხედავად, კვლევების უმეტესობა ლაბორატორიულ პირობებშია ჩატარებული, რის გამოც ასეთი საკომუნიკაციო ქსელის უშუალოდ ბუნებაში ფუნქციონირების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Plant Signaling and Behavior გამოქვეყნდა.
ასევე, იხილეთ:
კომენტარები