რომელ მხარეს ბრუნავს დედამიწა და მზის სისტემის სხვა პლანეტები?
მართალია, ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ, თუმცა დედამიწა მუდმივ მოძრაობაშია. ის არა მხოლოდ მზის გარშემო გადაადგილდება, არამედ საკუთარი ღერძის ირგვლივაც ბრუნავს, მაგრამ რომელ მხარეს? ან რამდენად ჰგავს ეს მიმართულება ჩვენი მეზობელი პლანეტებისას?
ამაზე პასუხი მზის სისტემის წარმოქმნასთანაა კავშირში, რაც დაახლოებით 4.6 მილიარდი წლის წინ მოხდა. მაშინ აქ მხოლოდ მტვრისა და აირის უზარმაზარი ღრუბელი იყო, რომელიც იმდენად გამკვრივდა, რომ კოლაფსი განიცადა და საფუძვლად დაედო ვარსკვლავის ფორმირებას, რომლის გარშემოც მატერიის დისკო ჩამოყალიბდა. ციური სხეულები სწორედ იქ გაჩნდა.
დისკოს ბრუნვის თავდაპირველი მიმართულება დღესაც შენარჩუნებულია. როდესაც მბრუნავი ობიექტი მჭიდროვდება, მისი მოძრაობა ჩქარდება. ასე ხდება მოციგურავეების მიერ ხელების გაშლისასაც. ამ მხრივ მზე მოსრიალის გრავიტაციის ცენტრს შეგვიძლია შევადაროთ, პლანეტები და მათი თანამგზავრები კი — ხელებსა და ფეხებს.
ფიზიკურად ამას იმპულსის მომენტი ეწოდება და სწორედ ამიტომ ბრუნავს დღესაც ჩვენი ვარსკვლავი და ციური სხეულებიც. მზე საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ტრიალებს, ამიტომ შესაძლოა, იფიქროთ, რომ ყველა პლანეტის შემთხვევაშიც ასეა, მაგრამ არა.
დედამიწა, მერკური, მარსი, იუპიტერი, სატურნი და ნეპტუნი, მზის მსგავსად, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავს, ხოლო ვენერა — პირიქით. ეს ნიშნავს, რომ იქ მზე არა აღმოსავლეთიდან, არამედ დასავლეთიდან ამოდის. ამის მიზეზი მისი ატმოსფეროა, რომელიც დედამიწისაზე 90-ჯერ სქელია.
ასეთი აირადი გარსის წნევა ობიექტის ზედაპირთან ხახუნს წარმოქმნის, რამაც დროთა განმავლობაში პლანეტის ბრუნვა შეანელა. კერძოდ, ერთხელ შემოტრიალებას ის 243 დედამიწურ დღეს ანდომებს. 2020 წლის კვლევის თანახმად, ვენერას ბრუნვა მზის მცხუნვარებით გამოწვეული ატმოსფერული ტალღებისას ემთხვევა. სწორედ ეს უნდა იწვევდეს მის საათის ისრის მიმართულებით გადაადგილებას.
კიდევ ერთი გამონაკლისი ურანია, რომელიც, სხვა ციურ სხეულებთან შედარებით, "გადაყირავებული" ბრუნავს. ასტრონომების ვარაუდით, მას დიდი ზომის ობიექტი შეეჯახა, რამაც წარმოსახვითი ღერძი გვერდზე მოაქცია. მეორე მოსაზრებით, პლანეტის ორბიტაზე მასიური ბუნებრივი თანამგზავრი იყო, რომლის გავლენითაც ღერძი 90 გრადუსით დაიხარა. შედარებისთვის, დედამიწის დახრილობა 23.5 გრადუსია, რასაც ნაკლებად დრამატულ სეზონურ ცვლილებებს უნდა ვუმადლოდეთ.
კომენტარები