ირაკლი კუპრაძე

11 Jun. 2024, 12:07

რუსული კანონისა და ოფშორების კანონის მიღების შემდეგ, რომლითაც ქართულმა ოცნებამ საქართველოს ეკონომიკას ზიანი უკვე მიაყენა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა საპენსიო სააგენტო ბიძინა ივანიშვილის საფულედ გადააქციოს და საფრთხე შეუქმნას მოქალაქეების მიერ დანაზოგ 5 მილიარდ ლარს.

ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, რისკის ქვეშ დგება შეძლებენ თუ არა საპენსიო დანაზოგის მიღებას ის ადამიანები, ვინც წლებია პატიოსნად იხდიან შესაბამის შენატანს.

საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიციირებული ცვლილებით, საპენსიო ფონდის სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოებს მმართველობითი საბჭო ჩაანაცვლებს და ფონდს მხოლოდ ერთი საბჭო ეყოლება.

საბჭოს წევრებს სპეციალურად შექმნილი კომისია აირჩევს, რომელშიც 7 წევრიდან 3 მინისტრი, 3 პარლამენტარი და ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი წევრი იქნება. ამ კომისიის მიერ შერჩეულ საბჭოს წევრებს, ვერანაირად ვერ ექნებათ საზოგადოებრივი ნდობა და როგორც ყოველთვის, ამ საბჭოსაც, ქართული ოცნება პარტიული კადრებით დააკომპლექტებს.

კანონის მიღებით, საპენსიო სააგენტო სრულად კარგავს დამოუკიდებლობას და ექცევა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც დიდ ხანია ქართული ოცნების პარტიულ უწყებად იქცა. ამ კანონის მიღებით სააგენტო, ფაქტობრივად, ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ ექცევა.

საგანგაშოა ის, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, თუკი საბჭო საჭიროდ ჩათვლის, საპენსიო დანაზოგების დაბალრისკიანი პორტფელის 20% ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეიძლება განკარგოს. ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული!

2022 წლის დეკემბერში ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის პერსპექტივაზე საუბრისას თქვა, რომ მშენებლობის ერთ-ერთ შიდა წყაროდ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხები განიხილება და რომ ეს დათვლილიც იყო.

ანაკლიის პორტის ტენდერში ჩინური კომპანიის გამარჯვების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, რომ შემდგომი 2 წლის განმავლობაში 300 მილიონი დოლარი დახარჯოს. ეს თანხა საქართველოს ბიუჯეტს არ გააჩნია, რუსული კანონის მიღების შემდეგ კი, ქვეყანა დასავლური ინსტიტუტებისგან იზოლაციაშია.

სწორედ ამიტომ, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ თანხის ანაკლიაში ინვესტირებას გეგმავს. გონივრულია, ვივარაუდოთ, რომ სინამდვილეში ბიძინას მთავრობა ანაკლიისთვის ჩინურ ინვესტიციასაც ვერ მოიზიდავს და რეალურად, ეფექტის შესაქმნელად სწორედ საპენსიო ფონდის ფულს დახარჯავს, რაც ვერც პორტს ააშენებს, ვერც ტვირთებს მოიზიდავს და ეს ფულიც გაიფლანგება.

საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან როგორი ხარისხით და რა ვადებში აშენებენ ჩინური კომპანიები ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოსა და მსოფლიოში. ჩნდება საფრთხე, რომ ანაკლიის სანაპიროზე პროპაგანდისთვის მიყვანილ ტრაქტორებთან ერთად, ჩვენს საპენსიო დანაზოგებსაც შავი ზღვის წყალი წაიღებს.

ლელო — საქართველოსთვის მოუწოდებს ქართულ ოცნებას, არ მიიღოს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები და არ ჩამოშალოს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 1-ელი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმება ეზღუდებათ
  2. სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის
  3. რისთვის უნდა გაასამართლოთ ჩემი შვილი? 16 წლის გოგო შეცდა, რომ თქვა სექსუალურად მავიწროებენო? — გიგა ავალიანის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი გოგოს დედა
  4. ირაკლი კობახიძე: ალტერნატიული კორიდორი არ ქმნის საფრთხეს საქართველოსთვის
  5. სუს-ის შენობასთან, მანქანაში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გიორგი ვაშაძეს 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მზია გარშაულიშვილმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ე.წ.…