აღმოაჩინეს დედამიწის ზომის პლანეტა, რომლის ვარსკვლავიც 100 მილიარდი წელი იცოცხლებს
ასტრონომებმა ჩვენგან დაახლოებით 55 სინათლის წლის მანძილზე დედამიწის ზომის მყარი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომლის ატმოსფეროც ვარსკვლავის მძლავრმა რადიაციამ გაანადგურა. იქ სიცოცხლე, ალბათ, ვერ იარსებებს, მაგრამ მეცნიერებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, მზის სისტემის მიღმა არსებული ციური სხეულის გეოლოგია შეისწავლონ.
ამ ობიექტს SPECULOOS-3 b ეწოდება. ის ულტრაცივი მნათობის გარშემო მოძრაობს, რომელთანაც იმდენად ახლოსაა განლაგებული, რომ მისი 1 წელი სულ რაღაც 17 საათს გრძელდება. სამაგიეროდ, ეგზოპლანეტის ერთ ნახევარსფეროში ყოველთვის ღამეა, მეორეში კი დღე, რადგან ცალი მხარე მუდმივად ვარსკვლავისკენაა მიბრუნებული.
ეს ვარსკვლავი 7 მილიარდი წლის წითელი ჯუჯაა, რომელიც დაახლოებით იუპიტერის ზომისაა და მისი გამოსხივება SPECULOOS-3 b-ზე ვენერას მაგვარ ცხელ გარემოს ქმნის. იქ ატმოსფერო, წესით, დიდი ხნის წინ უნდა გამქრალიყო, რადგან აირადი გარსი მსგავს პირობებში ხანგრძლივად ვერ შენარჩუნდებოდა. შედეგად, "შიშველ" კლდოვან პლანეტას ვიღებთ, რომელიც შეგვიძლია, მერკურის შევადაროთ.
კოსმოსური მასშტაბების გათვალისწინებით, ის დედამიწასთან საკმაოდ ახლოსაა. აქედან გამომდინარე, ასტრონომებს იმედი აქვთ, რომ მის ქიმიურ შედგენილობას შეისწავლიან და დაადგენენ, იყო თუ არა ეს ობიექტი ოდესმე გეოლოგიურად აქტიური.
მეცნიერებმა SPECULOOS-3 b ტელესკოპთა ქსელის მეშვეობით დააფიქსირეს, რომელიც ჩილეში, კანარის კუნძულებსა და მექსიკაში მდებარე 6 ობსერვატორიას მოიცავს. ეგზოპლანეტა სწორედ მის სახელს (SPECULOOS) ატარებს. პროექტის მიზანი მყარი ციური სხეულების გამოვლენაა ულტრაცივი მნათობების გარშემო, რომლებიც მზეზე ასჯერ მკრთალი და ათასობით გრადუსით გრილია.
მათში ბირთვული რეაქციებისას ნივთიერებების წვა ნელა მიმდინარეობს, შესაბამისად მსგავსი ვარსკვლავების სიცოცხლის ხანგრძლივობა 100 მილიარდ წელს აღწევს (შედარებისთვის, ნავარაუდებია, რომ მზე 10 მილიარდი წლისა მოკვდება). ეს საკმაო პერიოდია იმისთვის, რომ ასეთ სისტემებში სიცოცხლე წარმოიშვას.
"სავარაუდოა, რომ მსგავსი ვარსკვლავები უკანასკნელი იქნება, რომლებიც სამყაროში გაანათებს", — ამბობენ მკვლევრები.
მათი თქმით, ატმოსფეროს გარეშე SPECULOOS-3 b-ს ნათელი ცა ან ღრუბლები ვერ ექნება, არამედ უფრო მთვარის მაგვარი გარემო. რაც შეეხება ვარსკვლავს, ის მოიისფრო-მოწითალოდ გამოჩნდება და ცაზე მზეზე დაახლოებით 18-ჯერ დიდ ადგილს დაიკავებს.
პროექტის ფარგლებში SPECULOOS-3 b-ის მსგავსი კიდევ 8 ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი და გუნდი იმედოვნებს, რომ მომდევნო წლებში ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება. თავად ამ ციური სხეულის მეზობლად, იმავე სისტემაში, ასტრონომებს სხვა ობიექტი ჯერჯერობით არ დაუფიქსირებიათ.
SPECULOOS-3 b შესასწავლად იდეალური კანდიდატია ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისთვის, რომელიც მსოფლიოში უმძლავრესად მიიჩნევა. მისი მეშვეობით შესაძლოა, ეგზოპლანეტის გეოლოგია გამოვიკვლიოთ, რაც ნამდვილად დამაინტრიგებელია.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები