გიზის პირამიდის მახლობლად უჩვეულო "ანომალიას" მიაგნეს
მეცნიერებმა ეგვიპტეში მდებარე გიზის დიდი პირამიდის მახლობლად მიწისქვეშა გარემო სპეციალური რადარითა და ელექტროტომოგრაფით შეისწავლეს. შედეგად, მათ ორი ნაწილისგან შედგენილი სტრუქტურა გამოავლინეს, რომელიც უკვე 4 000 წელზე მეტია, ძველი სასაფლაოს მიმდებარედაა დამარხული.
კერძოდ, ერთი მათგანი პირამიდის დასავლეთითაა განლაგებული და L-ის ფორმა აქვს. ის 0.5-დან 2 მეტრამდე სიღრმეშია, მისი სიგრძე-სიგანე კი 10 და 15 მეტრია. უფრო ქვემოთ, 3.5-დან 10 მეტრამდე სიღრმეში, ბევრად დიდი სტრუქტურაა, რომლის სიგრძე-სიგანეც 10-10 მეტრია. სპეციალისტებმა ჯერჯერობით არ იციან, რასთან აქვთ საქმე, მაგრამ ამან შესაძლოა, გიზის პირამიდის კომპლექსის შესახებ ახალი ინფორმაცია მოგვაწოდოს.
აღსანიშნავია, რომ დასავლეთით მდებარე ეს სასაფლაო არქეოლოგებისთვის ისედაც საინტერესო იყო, რადგან სამარხებით სავსე ამ ტერიტორიაზე მართკუთხა ფორმის ცარიელი და მოსწორებული არეალია. მასზე მეტის გასაგებად მკვლევრებმა თანამედროვე სარადარო ტექნოლოგია გამოიყენეს, რომელიც ხმელეთისკენ რადიოტალღების გაშვებას გულისხმობს. ისინი მიწისქვეშ აღწევს და იქ არსებული გარემოს შესწავლის საშუალებას იძლევა. თითქმის იმავე მეთოდით მუშაობს ელექტროტომოგრაფიც, რომელიც მიწისქვეშა მატერიების ელექტრულ კუთრ წინააღმდეგობას აფიქსირებს.
ამ ორი ტექნოლოგიის მეშვეობით არქეოლოგებმა სასაფლაოს ზემოხსენებულ არეალში, სიღრმეში, სხვადასხვა სიმკვრივის მქონე რეგიონებს მიაგნეს. მათი ფორმა იმგვარია, რომ, დიდი ალბათობით, ბუნებრივი არ უნდა უყოს, არამედ ადამიანის მიერ შექმნილი, მაგრამ მათი დანიშნულება გაურკვეველია.
უფრო ზემოთ განლაგებული სტრუქტურა ერთგვაროვანი ქვიშითაა სავსე, რაც მიანიშნებს, რომ მისი აგების შემდეგ ის მიზანმიმართულად "ჩაფლეს". მეორე სტრუქტურაც საკმაო კუთრი წინააღმდეგობით ხასიათდება, ამიტომ შესაძლოა, ისიც ქვიშით დაეფარათ, ან, სულაც, ღრუიანი, ანუ ცარიელი, იყოს.
იქიდან გამომდინარე, რომ ორივე მათგანის იდენტიფიცირება რთულია, მეცნიერები მათ "ანომალიას" უწოდებენ. არ გამორიცხავენ, რომ, თუ ეს მართლაც ადამიანის მიერ შექმნილი ნაგებობებია, ზედაპირთან ახლოს მდებარე სტრუქტურა ქვედაში შესასვლელის ფუნქციას ასრულებდეს. შესაძლოა, ეს კირქვის ვერტიკალური კედლები იყოს ან ერთგვარი გვირაბები, რომლებიც სამარხს უერთდება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Archaeological Prospection გამოქვეყნდა.
კომენტარები