აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
რატომ არის ოლდფილდის თაგვი მონოგამი, ხოლო მისი მონათესავე სახეობები პოლიგამიურები?
პასუხი შეიძლება იყოს აქამდე უცნობი ჰორმონის წარმომქმნელ უჯრედში და ამაზე უთითებს ახალი კვლევა, რომელიც Nature-ში გამოქვეყნდა.
"მსგავსი ჰორმონი ადამიანებში ადრეც აღმოაჩინეს, მაგრამ აქამდე არავინ იცოდა, თუ რა ფუნქცია ჰქონდა მას. და, აი, ახლა ამ ჰორმონის როლი თაგვებში შევისწავლეთ", — თქვა ანდრეს ბენდესკიმ, მედიცინის დოქტორმა კოლუმბიის ცუკერმანის ინსტიტუტიდან.
ახალმა კვლევამ თაგვების ორი სახეობა შეისწავლა. მათგან ერთ-ერთი ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარია. საუბარია ირმისებრ თაგვზე (Peromyscus maniculatus), რომელიც ალასკიდან ცენტრალურ ამერიკამდე გვხვდება. მეორე, ოლდფილდის თაგვი (Peromyscus polionotus), ფლორიდასა და ჯორჯიაშია გავრცელებული, რომელიც არის უფრო პატარა ზომის და იწონის დაახლოებით 13 გრამს.
კვლევებმა აჩვენა, რომ თაგვების სახეობები განსხვავებულად იქცევიან. მაშინ როცა ირმის თაგვი პოლიგამია, ოლდფილდის თაგვი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ერთ პარტნიორთან წყვილდება.
ასევე: 7 000 წლის წინანდელი დნმ მიუთითებს, რომ ნეოლითის ხანის ევროპელები მონოგამები იყვნენ
მიუხედავად ასეთი განსხვავებისა, თაგვების ამ ორ სახეობას შორის ძალიან დიდი გენეტიკური მსგავსებაა. იმის გასარკვევად, თუ რატომ იქცევიან მსგავსი სახეობები ასე განსხვავებულად, მეცნიერებმა მათი თირკმელზედა ჯირკვლები გამოიკვლიეს.
"ეს ორგანო ისეთი ჰორმონების გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი, რომლებიც ქცევას განსაზღვრავს — ესენია სტრესთან და სექსუალობასთან დაკავშირებული ჰორმონები", — თქვა დოქტორმა ბენდესკიმ.
თაგვების ამ სახეობების თირკმელზედა ჯირკვლები ზომით გასაოცრად განსხვავებული აღმოჩნდა. მოზრდილებში, მონოგამი თაგვების თირკმელზედა ჯირკვლები დაახლოებით ექვსჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე პოლიგამი თაგვების თირკმელზედა ჯირკვლები (ჯიშებს შორის სხეულის წონის განსხვავებების კორექტირების შემდეგ).
მკვლევრების თქმით, მსგავს სახეობებში ასეთი დიდი განსხვავება უპრეცედენტოა.
თირკმელზედა ჯირკვლის უჯრედების გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ერთი გენი, Akr1c18, მონოგამ თაგვებში გაცილებით აქტიური იყო. ფერმენტი, რომელსაც ეს გენი აკოდირებს, ცნობილია როგორც 20⍺-OHP და ის ადამიანებშიც გვხვდება.
მკვლევრებმა დააფიქსირეს, რომ თაგვებში 20⍺-OHP ჰორმონის მატებამ მათ ქცევაზე იმოქმედა. მაგალითად, პოლიგამიური თაგვები ამ ჰორმონის მატების შემთხვევაში თავიანთ ნაშიერებზე უფრო ზრუნავდნენ.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ აღმოვაჩინეთ ისეთი რამ, რაც მშობლის ნაშიერზე ზრუნვას ზრდის", — თქვა დოქტორმა ბენდესკიმ.
ჩვეულებრივ, ეს ჯირკვლები იყოფა სამ ზონად, თუმცა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მონოგამი თაგვების თირკმელზედა ჯირკვლებს მეოთხე ზონაც აქვთ.
"ჩვენ ამას zona inaudita ვუწოდეთ, რაც ლათინურად "აქამდე უცნობ ზონას" ნიშნავს, რადგან არავის უნახავს ამ ტიპის უჯრედი სხვა ცხოველში", — თქვა ნატალი ნიეპოტმა, კვლევის თანაავტორმა.
Zona inaudita-ს უჯრედებში მკვლევრებმა 194 გენი აღმოაჩინეს, მათ შორის Akr1c18, რომელიც ბევრად უფრო აქტიური იყო თირკმელზედა ჯირკვლის სხვა უჯრედების იგივე გენებთან შედარებით. ანალიზებმა ასევე გამოავლინა ძირითადი გენები, რომლებიც ეფუძნება ზონა inaudita-ს განვითარებასა და ფუნქციას ოლდფილდის თაგვებში.
ბევრი რამ გაურკვეველია იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს მონოგამიური ქცევის ევოლუციას. ერთი ვერსიის თანახმად, მონოგამია ნაშიერის ორივე მშობლის მიერ აღზრდის შანსებს ზრდის. ასეთ დროს მამრმა იცის, რომ ნაშიერი მისია და ის მასზე უფრო ზრუნავს.
"ამ სახის გუნდურ მუშაობას შთამომავლობის გადარჩენის შანსების გაზრდა შეუძლია. ახლად აღმოჩენილი თირკმელზედა ჯირკვლის უჯრედები ხელს უწყობს მონოგამიისთვის დამახასიათებელ ქცევას", — თქვა დოქტორმა ბენდესკიმ.
მკვლევრების თქმით, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი ჰორმონების როლზე და იმაზე თუ როგორ მოქმედებს ეს ადამიანებზე.
კომენტარები