NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
იუპიტერის თანამგზავრი იო მთელი მზის სისტემის მასშტაბით ყველაზე ვულკანური ციური სხეულია. ის მთვარეზე ოდნავ დიდია, მისი ზედაპირი კი ვულკანებითაა დაფარული, რომელთაგანაც დაახლოებით 400 მუდმივად აქტიურია.
იოსთან ახლო მანძილზე ჩავლას NASA-ს მიერ იუპიტერის შესასწავლად გაშვებული ზონდი "ჯუნო" ახერხებს. მან ამ ობიექტს 2023 წლის დეკემბერსა და 2024 წლის თებერვალში ჩაუარა, რა დროსაც ჩრდილოეთ განედების ისეთ რეგიონებს დააკვირდა, რომელთა შესახებაც ბევრი არაფერი ვიცოდით.
"იო ვულკანებითაა სავსე და რამდენიმე მათგანი ამოფრქვევისას დავაფიქსირეთ. ასევე, შესანიშნავი ახლო ხედები და სხვა მონაცემები მოვიპოვეთ 200 კილომეტრი სიგრძის მქონე ლავის ტბაზე, რომელსაც Loki Patera ჰქვია", — აცხადებენ მეცნიერები.
იხილეთ ზონდის მონაცემების მიხედვით შექმნილი ანიმაცია:
"ხელთ გვაქვს გასაოცარი დეტალები, რომლებიც მაგმის პოტენციური ტბის შუაში არსებულ, ცხელი ლავით გარშემორტყმულ, კუნძულებს გვიჩვენებს.
ჩვენმა ინსტრუმენტებმა სარკისებრი ანარეკლი დააფიქსირა, რომელიც მიუთითებს, რომ იოს ზედაპირის ზოგიერთი ნაწილი ისეთივე გლუვია, როგორიც მინა. ამ მხრივ ის დედამიწაზე ვულკანური პროცესების შედეგად წარმოქმნილ ობსიდიანს მოგვაგონებს", — ამბობენ სპეციალისტები.
მეორე ანიმაცია იოზე არსებულ წაწვეტებულ მთას გვიჩვენებს:
იოს შიდა არეალის გაცხელებას იუპიტერთან და მის სხვა თანამგზავრებთან — ევროპასა და განიმედესთან — გრავიტაციული ურთიერთქმედება განაპირობებს. სწორედ ესაა მისი მძლავრი ვულკანიზმის მიზეზი, რომლის შედეგად ამოფრქვეული აირები პლანეტის გარშემო პლაზმის ერთგვარ რგოლს ქმნის. ეს მატერია ციური სხეულის მაგნიტური ველის პოლარულ ხაზებში ჩაედინება და ჩქარდება, ხოლო მისი გავლენით ატმოსფეროში მზის სისტემაში უმძლავრესი ულტრაიისფერი ციალი ჩნდება.
ახალმა ანალიზმა იოზე გოგირდის შედარებით მძიმე იზოტოპის სიუხვე გამოავლინა, რაც მიუთითებს, რომ უფრო მსუბუქი იზოტოპი გაედინება და იუპიტერის გარშემო მოძრავ პლაზმას უერთდება. ეს პროცესი მთელი 4.5 მილიარდი წელია, უნდა მიმდინარეობდეს.
ახალი მონაცემები დედამიწის მეცნიერებათა ევროპული კავშირის მიერ ვენაში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინეს.
კომენტარები