კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
დღევანდელი არგენტინის ტერიტორიაზე უძველესი სამარხი აღმოაჩინეს. აქ ადამიანი თავის "ოთხფეხა მეგობართან" ერთად იყო დაკრძალული. კვლევამ აჩვენა, რომ ძვლები არ ეკუთვნოდა ძაღლს, ეს იყო მელა.
ადამიანებისა და ძაღლების მეგობრობას დიდი ისტორია აქვს. ამ ორ სახეობას შორის ურთიერთობა ათიათასობით წლისაა. თუმცა, პატაგონიის სამარხის ახალი ანალიზი, რომელიც დაახლოებით 1 500 წლით თარიღდება, მიანიშნებს, რომ მსგავსი კავშირი ადამიანებს მელიებთანაც ჰქონდათ. საუბარია მელას აწ უკვე გადაშენებულ (Dusicyon avus) სახეობაზე.
არქეოლოგებმა D. avus-ის ჩონჩხი თავდაპირველად 1991 წელს აღმოაჩინეს. ის ჩრდილოეთ პატაგონიაში ადამიანთან ერთად იყო დამარხული.
"მელას არ აღენიშნებოდა ჭრილობის კვალი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის არ მოუკლავთ", — თქვა მკვლევარმა ოფელი ლებრასერმა.
დნმ-ისა და რადიოკარბონული დათარიღების სიღრმისეულმა ანალიზმა მელას სახეობა და ასაკი გამოავლინა, ხოლო კოლაგენის გამოკვლევამ ისიც გვითხრა, თუ რას ჭამდა ცხოველი. დადგინდა, რომ მელა ისე იკვებებოდა, როგორც ამ ჯგუფის ადამიანები.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მელა მოთვინიერებული იყო და ის შინაური ცხოველის სახით ჰყავდათ. მკვლევრებმა მას "ადამიანის მეგობარიც" უწოდეს და ის ძაღლს შეადარეს.
აღმოჩენა ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, რის მიხედვითაც, ადამიანები მელიებს იშინაურებდნენ და მათთან ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ, როგორიც ძაღლებთან.
მელა და მონადირე-შემგროვებელი საზოგადოება
D. avus პლეისტოცენის ეპოქიდან არსებობდა და 500 წლის წინ გადაშენდა. ის დაახლოებით თანამედროვე გერმანული ნაგაზის ზომის, მაგრამ გაცილებით ნაკლებად მოცულობითი იყო — იწონიდა 15 კილოგრამამდე.
”ზოგადად, Dusicyon avus ძირითადად ხორცით იკვებებოდა, თუმცა კონკრეტული მელას დიეტა ბევრად მრავალფეროვანი იყო. ის პირდაპირ თანხვედრაშია ადამიანების საკვებთან. როგორც ჩანს, მელას ადამიანები აჭმევდნენ", — თქვა ლებრასერმა.
ეს პირდაპირ თანხვედრაშია სხვა კვლევებთანაც. როგორც ჩანს, იგივე პროცესი მიმდინარეობდა სხვა კონტინენტებზე და ადამიანები მელიებთან ნამდვილად მეგობრობდნენ.
"არ არსებობს მიზეზი, რის გამოც მელიებს ვერ მოიშინაურებდნენ. როგორც ჩანს, წარსულში მელა ძაღლთან ერთად, ადამიანის მეგობარი იყო", — ამბობენ მკვლევრები.
მკვლევრებს ისიც აინტერესებთ, თუ რატომ უნდა გადაშენებულიყო მელას ეს სახეობა. არსებობდა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც მელიები ევროპელი კოლონისტების მიერ ჩამოყვანილ ძაღლებთან შეჯვარდნენ. თუმცა, მკვლევრების თქმით, მელას დნმ-ის ანალიზი სხვა რამეზე მეტყველებს.
"კვლევის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰიბრიდიზაცია შინაურ ძაღლებსა და Dusicyon avus-ს შორის ვერ მოხდებოდა", — თქვა ლებრასერმა.
მიუხედავად ამისა, მელიების გადაშენებაში შეიძლება მაინც ძაღლები იყვნენ დამნაშავე. ამის მიზეზი ძაღლებსა და მელიებს შორის კონკურენცია იქნებოდა. მეორე მიზეზი დაავადებები შეიძლება ყოფილიყო, რომელიც ძაღლებს ევროპის კონტინენტიდან ჩამოჰყვათ და ის მელიებში გავრცელდა.
კომენტარები