4 აპლიკაცია, რომლებითაც ხალხმრავლობაში ინტერნეტის გარეშე კონტაქტს შევძლებთ
როგორ ვეკონტაქტოთ ერთმანეთს, როცა ინტერნეტკავშირი უარესდება
იმ აპლიკაციების უმრავლესობა, რომელთაც ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ ვიყენებთ, ინტერნეტკავშირის (Wi-Fi ან მობილური ინტერნეტი) გარეშე არ მუშაობს. ასეთი პროგრამებია Facebook Messenger, WhatsApp, Viber, Telegram და ა. შ.
კავშირის შეფერხებისას, გამოდის, ინფორმაციის მიმოცვლაც რთულდება. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ხალხმრავალ ადგილებში ანდა საპროტესტო აქციებზე, როცა ინტერნეტზე დიდი მოთხოვნის გამო კავშირი საგრძნობლად უარესდება (დაახლოებით ისე, როგორც გადაადგილება რთულდება ხოლმე). თუკი ჯგუფურად გვსურს საუბარი, მოუხერხებელია მობილური ნომრების გამოყენებაც.
მსგავსი სიტუაციებისთვის ისეთი პროგრამებიც არსებობს, რომლებიც სხვებთან ინტერნეტის გარეშე დაგვაკავშირებს. ასეთი აპლიკაციები Bluetooth-ს ან სხვა ტექნოლოგიებს იყენებს და ცენტრალური სერვერის გარეშე მუშაობს. ამ დროს კავშირი პირდაპირ მოწყობილობებს შორის მყარდება და არა, თუნდაც, ფიჭური კოშკისა თუ "როუტერის" გავლით. ამას ერთრანგიანი, დეცენტრალიზებული, კავშირგაბმულობა ეწოდება, იგივე P2P.
სტატიაში ამ პრინციპით მომუშავე ოთხ აპლიკაციას შემოგთავაზებთ. მათი მეშვეობით ტექსტურ შეტყობინებებსა და ფოტო- ან ვიდეომასალას სხვებს ინტერნეტის გარეშე გაუგზავნით, თუმცა მხოლოდ 100-200 მეტრის რადიუსში. ისინი უფასოა და საიტ GeckoandFly-ს მასალიდან ამოვარჩიე.
1. Signal Offline
ხელმისაწვდომია როგორც Android-ზე, ასევე iOS-ზე.
Signal ინტერნეტკავშირის გარეშე მუშაობს და Wi-Fi Direct-ის ბაზაზე შექმნილი აპლიკაციაა. იგი კომუნიკაციის საშუალებას დაახლოებით 100 მეტრის რადიუსში იძლევა. კავშირის დასამყარებლად აპლიკაცია სიგნალს გზავნის, რათა ახლოს არსებული მოწყობილობები იპოვოს. ამის შემდეგ მობილურები ხელმისაწვდომი მომხმარებლების სიაში ჩნდება.
Wi-Fi Direct ტექნოლოგიაა, რომელიც ცენტრალიზებული ქსელის ან უსადენო "როუტერის" გარეშე აკავშირებს მოწყობილობებს, მოწყობილობა კი ამ დროს "ჰოტსპოტის" როლს ასრულებს. კავშირის დამყარების შემდეგ მონაცემების მიმოცვლა მყისიერად არის შესაძლებელი ახლო არეალში. Wi-Fi Direct იმაზე გაცილებით ძლიერია, ვიდრე Bluetooth.
კონტაქტი შესაძლებელია როგორც პირისპირ, ასევე ჯგუფურად. შეგიძლიათ ტექსტური შეტყობინებების, აუდიოჩანაწერების, ფოტოებისა და ვიდეოების გაგზავნა. ძველი საუბრები მონაცემთა ბაზაში ინახება და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ იხილოთ.
2. Bridgefy
ხელმისაწვდომია როგორც Android-ზე, ასევე iOS-ზე.
Bridgefy-თ სარგებლობისათვის მხოლოდ Bluetooth-ის ჩართვა დაგჭირდებათ. აპლიკაცია სამ რეჟიმში მუშაობს:
- Person to Person Mode — Bluetooth-ის ჩართვის შემდეგ შეგიძლიათ, თქვენგან 100 მეტრის რადიუსში მყოფ სხვა მომხმარებლებს ეკონტაქტოთ;
- Mesh Mode — შეგიძლიათ, შუაში მყოფი მომხმარებლების გავლით უფრო შორ მანძილზე მყოფ ადამიანებსაც დაუკავშირდეთ. მაგალითად, ერთ ადამიანს შეუძლია, მესამე ადამიანს ესაუბროს, თუ შუაში მეორე ადამიანი დგას. ეს მანძილს დაახლოებით 200 მეტრამდე გაზრდის. იმავე პრინციპით ჯაჭვში უამრავი ადამიანი შეიძლება ჩაებას. არ იღელვოთ — შუაში მყოფი ადამიანები თქვენი შეტყობინებების წაკითხვას ვერ შეძლებენ;
- Broadcast Mode — Broadcast სექციიდან შეგიძლიათ, შეტყობინებები ერთდროულად Bridgefy-ს ყველა მომხმარებელთან გაგზავნოთ, რომლებიც თქვენთან ახლოს არიან. ეს მაშინაც კი შეგიძლიათ, თუ მომხმარებლები კონტაქტების სიაში არ გყავთ შეყვანილი.
3. Briar
Briar მობილურებს Bluetooth-ის ან Wi-Fi-ს მეშვეობით აკავშირებს. იგი უსაფრთხო, მარტივი და სწრაფი საკომუნიკაციო აპლიკაციაა.
განსხვავებით ტრადიციული საშუალებებისგან (მეილი, ტვიტერი ან ტელეგრამი), Briar ცენტრალურ სერვერს არ იყენებს — შეტყობინებები პირდაპირ მომხმარებელთა მოწყობილობებში მოდის სინქრონში. ინტერნეტის გათიშვისას აპლიკაცია Bluetooth-ის ან Wi-Fi-ს გამოყენებით აგრძელებს შეტყობინებების მიმოცვლას, ხოლო ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პირობებში კი მას ეს Tor network-ის მეშვეობით შეუძლია.
შეტყობინებები დაშიფრულია. ისინი მხოლოდ მოწყობილობებზე ინახება და არა ქლაუდზე.
4. White Mouse Private Messenger
ხელმისაწვდომია Android-ზე.
White Mouse Chat აპლიკაციაა, რომელიც ინტერნეტის გარეშე მუშაობს. მას end-to-end დაშიფვრაც აქვს და შეტყობინებების გაგზავნა დაახლოებით 100 მეტრის რადიუსში შეუძლია.
უფრო ზუსტად, შესაძლებელია ტექსტური შეტყობინებების, ფოტოების, ფაილების, აუდიოჩანაწერებისა (მათი მოსმენა 2x სიჩქარითაც შეგიძლიათ) და ვიდეოების გაგზავნა; ასევე, ვიდეოზარითა თუ ხმოვანი ზარით დაკავშირება.
შეტყობინებები მხოლოდ მომხმარებლის მოწყობილობაში ინახება — არა ქლაუდზე ან სერვერზე. აპლიკაცია მხოლოდ იმ პირად ინფორმაციას იყენებს, რომელიც მისი მუშაობისთვის არის საჭირო. შესაძლებელია მობილური ნომრის გარეშე დაკავშირება.
თავისთავად, მსგავს სიტუაციებში საკომუნიკაციოდ, გარდა ამ ოთხისა, სხვა პროგრამებიც არსებობს. კარგი იქნება, თუ კომენტარებში გაგვიზიარებთ, თავად რომელ აპლიკაციებს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ.
კომენტარები