ნახეთ: იაპონელმა მეცნიერებმა ობიექტის ლევიტაციას გარე ენერგიის გარეშე მიაღწიეს
იაპონიაში მდებარე ოკინავას მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტში (OIST) მომუშავე სპეციალისტებმა ლევიტაციის დემონსტრირება შეძლეს ისე, რომ ენერგიის გარე წყარო არ გამოუყენებიათ. ამისთვის მათ ახალი მატერია შექმნეს, რაც სამომავლოდ გრავიტაციისგან თავისუფალ ტექნოლოგიას უხსნის გზას.
მაგნიტების ზემოთ ასეთი "ლივლივი" ზეგამტარი და დიამაგნიტური მასალებისგან დამზადებულ ობიექტებს შეუძლია. ეს მაგნიტური ლევიტაციისას გამოიყენება, სადაც ზეგამტარები ძლიერ მაგნიტურ ველს ქმნის, დიამაგნიტები კი ლევიტაციას აღწევს.
მსგავსი მეთოდით საშუალება გვეძლევა, მაღალი სიჩქარით მოძრავი ლევიტაციური მატარებლები შევქმნათ, სენსორები დავამზადოთ და ა.შ. მეცნიერთა ზემოხსენებული ჯგუფი სწორედ ისეთ ოსცილატორებზეა (პერიოდული სიგნალების წარმომქმნელი მოწყობილობები) კონცენტრირებული, რომლებიც ზემგრძნობიარე სენსორებში შეიძლება, გამოვიყენოთ. გარე ენერგიის გარეშე ამის გაკეთება საქმეს საგრძნობლად ამარტივებს, მაგრამ გამოწვევაც ბევრია.
კერძოდ, OIST-ის გუნდის მაგნიტური სისტემა დროთა განმავლობაში ენერგიას კარგავდა, რადგან მას გარე ძალები ახშობდა. მეორე პრობლემა, რომელთანაც გამკლავება მოუწიათ, პლატფორმის კინეტიკური ენერგიის მინიმუმამდე დაყვანა იყო, რადგან ეს მის სენსორულ მგრძნობელობას აძლიერებს.
თუ კინეტიკურ მოძრაობას გაცივებით ისეთ მდგომარეობაში გადავიყვანთ, რომ დომინანტობა კვანტურმა ეფექტებმა მოიპოვოს, ეს მეტი სიზუსტის მიღწევაში დაგვეხმარება. ამისთვის მკვლევრებმა ახალი მატერია გრაფიტისგან შექმნეს, რომელიც ნახშირბადის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფორმაა და ელექტრობას კარგად ატარებს. მისი ფრაგმენტების სილიციუმის დიოქსიდით დაფარვითა და ცვილში შერევით სპეციალისტებმა გრაფიტი იზოლატორად გარდაქმნეს. მსგავსი ცვლილება ენერგიის დანაკარგს ამცირებს და ვაკუუმში ობიექტის ლევიტაციას იწყობს ხელს.
საექსპერიმენტო გარემოში ავტორებმა ზემოხსენებული პლატფორმის მოძრაობა მაგნიტური ძალის მეშვეობით ჩაახშეს და "გააცივეს", შესაბამისად, მოძრაობას შენელდა,
"სითბო მოძრაობას განაპირობებს, მაგრამ სისტემის მუდმივი კონტროლითა და რეალურ დროში მასში ცვლილებების შეტანით, ამ მოძრაობის შენელება შეგვიძლია", — აცხადებენ ისინი.
მსგავსი ცვლილებებით კინეტიკური ენერგია მცირდება. მეცნიერები ამბობენ, რომ "გაცივების" ეფექტის გაძლიერებით მათმა პლატფორმამ შესაძლოა, ყველაზე მგრძნობიარე ატომურ გრავიმეტრებსაც კი აჯობოს, რომელთა მეშვეობითაც გრავიტაციულ ველს ზომავენ.
ამისთვის სისტემა ვიბრაციებისგან, მაგნიტური ველებისგან და ელექტრული სიგნალებისგან უფრო მეტად იზოლირებული უნდა იყოს. გუნდს მისი სრული პოტენციალის გამოვლენა სურს.
მათი ნაშრომი გამოცემაში Applied Physics Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები