მალე გვეცოდინება, რომელი საათია მთვარეზე
თეთრი სახლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის პოლიტიკის სამსახურის გადაწყვეტილებით, NASA-მ მთვარისთვის სასაათო სისტემა უნდა შექმნას. აშშ-ში ფიქრობენ, რომ ეს აუცილებელია, რადგან კაცობრიობა სხვა ციური სხეულების ათვისებას იწყებს.
როგორც ცნობილია, ახალ სისტემას მთვარის კოორდინირებული დრო დაერქმევა და ის მსოფლიო კოორდინირებული დროის მსგავსი იქნება, რომელიც დედამიწაზე გამოიყენება. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ საბოლოო გეგმა 2026 წლის მიწურულისთვის უნდა წარადგინოს.
"NASA, კერძო კომპანიები და სხვა კოსმოსური სააგენტოები მთელი მსოფლიოდან მთვარეზე, მარსსა თუ მის მიღმა მისიებს უშვებენ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სიზუსტისა და უსაფრთხოებისთვის ციური სხეულების დროითი სტანდარტი შევიმუშაოთ.
კოსმოსის ამა თუ იმ ნაწილში დრო განსხვავებულად გადის. მაგალითად, ის უფრო შენელებულად გვეჩვენება იქ, სადაც მეტი გრავიტაციაა. ეს ციურ სხეულებთან ახლოს ხდება და შედეგად, დამკვირვებლისთვის დედამიწაზე წამის ხანგრძლივობა სხვანაირია, ვიდრე სხვაგვარ გრავიტაციულ გარემოში, როგორიც მთვარეზეა.
კოსმოსში ოპერირებისას დროის თანმიმდევრული განსაზღვრა წარმატებული კოსმოსური სიტუაციური აღქმისთვის, სანავიგაციოდ და საკომუნიკაციოდ კრიტიკულად აუცილებელია", — წერია განცხადებაში.
მთავარი მიზანია, რომ მთვარისა და დედამიწის კოორდინირებული დროითი სისტემები ერთმანეთზე იყოს მიბმული. ამისთვის NASA აშშ-ის ვაჭრობის, თავდაცვისა და სხვა დეპარტამენტებთან ითანამშრომლებს, რათა სტრატეგია შეიმუშაოს.
ასეთი სტანდარტი მთვარესა და დედამიწას შორის კომუნიკაციასა თუ ნავიგაციას გაამარტივებს და მის მიღმა მასშტაბებზეც გავრცელდება. ასევე, მასში გათვალისწინებული იქნება მსოფლიო კოორდინირებული დროისთვის თვალის მიდევნების შესაძლებლობა და კონტაქტის გაწყვეტისადმი მდგრადობაც.
დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დროის განსაზღვრა ისევეა შესაძლებელი, როგორც თავად ჩვენს პლანეტაზე ატომური საათების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ სწორედ 2026 წელს იგეგმება NASA-ს მისია, რომელიც ადამიანის მთვარეზე დაბრუნებას ითვალისწინებს.
კომენტარები