ნახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა აირისა და მტვრის ღრუბლიდან გამომავალი კაშკაშა ნაკადი დააფიქსირა, რაც იქ ვარსკვლავის დაბადებაზე მიანიშნებს.
დედამიწის ორბიტაზე მოძრავმა ობსერვატორიამ ახლად წარმოქმნილი მნათობი მრავალვარსკვლავურ სისტემაში FS Tau გადაიღო. ის ჩვენგან 450 სინათლის წლითაა დაშორებული და მეეტლე-კუროს რეგიონშია განლაგებული, რომელშიც აირისა და მტვრის მოლეკულური ღრუბლები გვხვდება. ეს ნისლეული 2.8 მილიონი წლისაა და ახალგაზრდა მნათობებსა თუ პროტოვარსკვლავებს მოიცავს.
მათ უკვე FS Tau B-ც შეუერთდა, რომელსაც სურათზე ვხედავთ:
ის ნისლეულის იმ არეალში გაჩნდა, სადაც მატერიის მკვრივმა გროვამ კოლაფსი განიცადა. ამის კვალი ღრუბელში მკაფიოდ ჩანს. FS Tau B ნაწილობრივ მტვრის საფარველითაა დაბურული, რაც მის გარშემო ფორმირებული პროტოპლანეტური დისკოს ნაწილი უნდა იყოს. როგორც სახელიდანაც ვიგებთ, იქ ციური სხეულები წარმოიქმნება.
FS Tau B ჯერ ბოლომდე არ ჩამოყალიბებულა. ის ჯერ კიდევ მატერიის მიზიდვის პროცესშია და როცა მასში საკმარისი მასა დაგროვდება, შუაგულში წნევა გაიზრდება და წყალბადის ბირთვული რეაქციები დაიწყება. შედეგად, ეს ელემენტი ჰელიუმად გარდაიქმნება.
FS Tau B-ის მსგავსი პროტოვარსკვლავები ბირთვული რეაქციების გამო არ ანათებს, არამედ განვითარების ამ ეტაპზე ეს მტვრის ღრუბლის კოლაფსის შედეგად გამოყოფილი სითბოს დამსახურებაა. ასეთი ობიექტებიდან ხშირად ნაწილაკების ენერგიული ნაკადი იტყორცნება, რის მაგალითსაც ჰაბლის მიერ გადაღებულ კადრშიც ვხედავთ. ამ სურათზე ნაკადი ასიმეტრიულია და მოლურჯო შეფერილობა აქვს. ასეთი ფორმა, სავარაუდოდ, ვარსკვლავის მიერ მასის სხვადასხვა ტემპით გამოტყორცნას უკავშირდება.
FS Tau B კლასიფიცირდა, როგორც ჰერბიგ-აროს ობიექტი. ისინი მაშინ ფორმირდება, როცა ახალგაზრდა ვარსკვლავიდან წამოსული ნაკადები ახლომდებარე ღრუბლებს მაღალი სიჩქარით ეჯახება და აკაშკაშებს. ამ ახალი მნათობის ევოლუციის მომდევნო ფაზა T კუროა, რის შემდეგაც მზის მსგავს მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავად იქცევა.
კომენტარები