შესაძლოა, სიღარიბე ტვინის დაბერებას აჩქარებდეს
ჩვენს ტვინში არსებული თეთრი ნივთიერების კონცენტრაცია ასაკის მატების პარალელურად მცირდება, მაგრამ რა გავლენა აქვს ამაზე სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებს? ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, სიღარიბემ ამ პროცესის დაჩქარება განაპირობოს.
მეცნიერებმა 50-91 წლის 751 ინდივიდი შეისწავლეს და ყურადღება მათ ასაკზე, სქესსა და ჯანმრთელობის პრობლემებზე გაამახვილეს. მაგნიტურ-რეზონანსულმა გამოსახულებებმა აჩვენა, რომ შედარებით მცირე შემოსავლის მქონე ადამიანთა ტვინში თეთრი ნივთიერების დონე უფრო მცირე იყო, ვიდრე სხვებში. ასევე, კოგნიტიურ ტესტებში მათ ნაკლები შედეგი მიიღეს.
ტვინში სიგნალების მიმოცვლაში თეთრ ნივთიერებას უდიდესი როლი აქვს. შესაბამისად, მისი რაოდენობა კოგნიტიურ უნარებზეც აისახება. ცნობილია, რომ სიღარიბე ამ უნარების სწრაფ დაქვეითებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ სპეციალისტებს მეტის გაგება სურდათ.
მათ დაადგინეს, რომ თეთრი ნივთიერების კონცენტრაციის სწრაფ შემცირებაზე გავლენა ნეირონებიდან გამომავალი ბოჭკოებისა და მათი საფარველის რაოდენობას აქვს. ამაზეა დამოკიდებული, რამდენად თავისუფლად გადაადგილდება მოლეკულები, ძირითადად კი წყალი, ჩვენს ტვინში.
აქამდე ჩატარებული მსგავსი კვლევების სამიზნე ტვინის მთლიანი მოცულობა იყო. ახლა, როცა უფრო კონკრეტული სტრუქტურული ასოციაციების იდენტიფიცირება მოხერხდა, ამის უკან მდგომი მექანიზმების სიღრმისეული შესწავლაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ინდივიდებში კოგნიტიურ უნარებზე ტვინის დაბერების ზემოხსენებული ინდიკატორების უარყოფითი ზემოქმედება არ გამოვლენილა. ეს იმ შემთხვევაშიც, როცა ამ ადამიანებში ნეირონული ბოჭკოების სიმკვრივე და მათი საფარველის რაოდენობა უფრო მცირე იყო.
შესაბამისად, არსებობს კონკრეტული მექანიზმი, რომელიც, ფიზიკური ცვლილებების მიუხედავად, გვიცავს. ამაში უკეთ გასარკვევად უფრო ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარებაა საჭირო, სადაც სოციო-ეკონომიკური თვალსაზრისით მეტად მრავალფეროვან ჯგუფებს შეისწავლიან. გასათვალისწინებელია გარემოსთან და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ფაქტორებიც.
ახალი ნაშრომი გამოცემაში JNeurosci გამოქვეყნდა.
კომენტარები