ჰიბრიდული ომი, პროპაგანდა და დეზინფორმაცია — მარგარეტ ტეტჩერის ცენტრმა ზამთრის სკოლას უმასპინძლა
საქართველო უკვე წლებია რუსეთის ჰიბრიდული ომის სამიზნეა. თანამედროვე რუსეთი იმპერიალისტური ამბიციების სისრულეში მოსაყვანად, გარდა სამხედრო შეტევებისა, ე.წ. რბილ ძალას — პროპაგანდასა და დეზინფორმაციასაც იყენებს.
საქართველოსთვის ეს ახალი არ არის, რადგან აღნიშნული მეთოდი საბჭოთა კავშირშიც აქტიურად გამოიყენებოდა. თუმცა, ტექნოლოგიების განვითარებამ და ციფრულ სამყაროში ცხოვრებამ, პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებისთვის მრავალი ახალი შესაძლებლობა შექმნა და ადამიანები მათი გავლენისადმი უფრო მოწყვლადები გახადა.
რუსეთი ძალიან დიდ რესურსს დებს საერთაშორისო სივრცეში თავისი გავლენის გაძლიერებისთვის. კრემლის აქტორები ქართულ მედიაში, პოლიტიკასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მუდმივად ავრცელებენ პრორუსულ და ანტიდასავლურ ნარატივებს. ეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი საფრთხე და გამოწვევაა.
ამ საკითხით დაინტერესებულია საგანმანათლებლო და ანალიტიკურ-კვლევითი ორგანიზაცია, მარგარეტ ტეტჩერის ცენტრიც. ცენტრმა 24-25 თებერვალს უმასპინძლა ზამთრის სკოლას ლიდერობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაც პროპაგანდა, დეზინფორმაცია და ჰიბრიდული ომის საფრთხეები იყო. პროექტის განმავლობაში ახალგაზრდები მოწვეულ სპიკერებთან ერთად ინტერაქციულ სესიებში მონაწილეობდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ ხედვებს რუსული საინფორმაციო ომის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით.
ზამთრის სკოლის მონაწილე ირაკლი ბედელაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი ნარატივი, რომელსაც პრორუსი აქტორები ავრცელებენ ისაა, რომ თითქოს ქართული ნაციონალიზმისა და სახელმწიფოებრიობის ჩასახვა რუსეთის იმპერიის კეთილი ნების შედეგია. მისი თქმით, ამით კრემლი ცდილობს თავს მოგვახვიოს აზრი, რომ რუსეთი საქართველოს "უფროსი ძმაა" და ქართული სახელმწიფოც სწორედ მის საფარქვეშ წარმოიქმნა.
"თანამედროვე ქართველი ერის ჩამოყალიბებას საფუძველი არა რუსეთის იმპერიამ, არამედ ქართული ნაციონალიზმის ფუძემდებლებმა, უპირველეს ყოვლისა, თერგდალეულემა ჩაუყარეს. ალექსანდრ დუგინი და სხვა პროპაგანდისტები გვერდს უვლიან იმ ფაქტს, რომ რუსეთმა სცადა ქართველთა გამაერთიანებელი ორი ძირითადი ფაქტორის, ავტოკეფალური ეკლესიისა და ქართული ენის აღმოფხვრა", — აღნიშნავს ბედელაძე.
ზამთრის სკოლის კიდევ ერთი მონაწილე, სანდრო კაპანაძე იმ დეზინფორმაციული ნარატივების შესახებ საუბრობს, რომლებიც მისი აზრით, საქართველოს შემთხვევაში ყველაზე მკაფიოდ იკვეთება. ის ამბობს, რომ პრორუსული ნარატივები დასავლეთს არასანდოდ და მანიპულატორად წარმოგვიჩენს და ამით ხელს უშლის საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირისკენ. გარდა ამისა, სანდრო ყურადღებას ამახვილებს რუსული პროპაგანდის მიზანზე, 2008 წლის ომში საქართველო წარმოაჩინოს როგორც აგრესორი მხარე.
"გამოსავალი არის ცნობიერების დონის ამაღლება, ინფორმაციის კრიტიკულად აღქმის უნარი და ფაქტების გადამოწმება, მოქალაქეთა ინფორმირება მანიპულატორული ტაქტიკის იდენტიფიცირებაზე, მედიისა და სხვა ინსტიტუტების აქტიური მუშაობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ", — ამბობს სანდრო კაპანაძე.
მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის მონაწილე იყო მარიამ გუბიევიც. მისი თქმით, რუსული ნარატივები იმდენად ღრმად არის დალექილი საქართველოს მოსახლეობის ცნობიერებაში, რომ მათთან გამკლავება საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდთანაა დაკავშირებული. მარიამი ფიქრობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებია, რომლებშიც პრორუსულ ნარატივებს ხშირად ვხვდებით.
"სამწუხაროდ, წიგნებში ხშირად შევხვდებით ისეთ ნარატივებს, რომლებიც უშუალოდ რუსული პროპაგანდის ნაწილია და მათი მიზანი, სკოლის ასაკიდანვე, ხალხის ცნობიერებაზე გავლენის მოხდენაა. ეს არის რუსული პროპაგანდის გრძელვადიანი გეგმის ნაწილი, რომელსაც სურს დასავლეთის უარყოფითად წარმოჩენა და საკუთარი იმპერიალიზმის საქართველოზე გავრცელება", — აღნიშნავს ის.
მარიამ გუბიევი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია საგანმანათლებლო კურიკულუმის რეორგანიზება იმგვარად, რომ მოსწავლეებმა თვალსაჩინოდ დაინახონ, რას ნიშნავს რუსული იმპერიალიზმი. მისი თქმით, ნაყოფიერი იქნება ციფრული წიგნიერების პროგრამის შემუშავებაც, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, გადაამოწმონ სიახლეები და ამოიცნონ ყალბი ინფორმაცია.
მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი 2020 წელს დაარსდა და კლასიკური ლიბერალური ღირებულებების გავრცელებას ისახავს მიზნად. თუ ორგანიზაციის მომავალ აქტივობებში ჩართვა გსურთ, თვალი ადევნეთ მათ Facebook-ს ან ეწვიეთ ვებგვერდს.
კომენტარები