ჩვენი გალაქტიკის ცენტრთან 13 მილიარდი წლის ვარსკვლავურ სტრუქტურებს მიაგნეს
ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრთან ახლოს ვარსკვლავთა 2 უზარმაზარი ე.წ. ნაკადი დააფიქსირეს, რომელთა ასაკიც 13 მილიარდი წელია. თითოეულ მათგანს 10 მილიონი მზის მასა აქვს და საკმაოდ დიდ მანძილზეა გადაჭიმული. ფიქრობენ, რომ ეს ირმის ნახტომის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული "საშენი მასალაა".
ამ ვარსკვლავურ სტრუქტურებს მეცნიერებმა "შივა" და "შაქტი" უწოდეს. ისინი ინდუიზმში წმინდა წყვილად მიიჩნევა, რომელთა ერთობასაც სამყაროში ჰარმონია შეაქვს. ეს ნაკადები ჩვენს გალაქტიკას, სავარაუდოდ, 12-13 მილიარდი წლის წინ შეერწყა და მისი ზრდა განაპირობა. მას შემდეგ ირმის ნახტომი საკმაოდ შეიცვალა და ის ფაქტი, რომ აღნიშნული ნაკადების იდენტიფიცირება ჯერ კიდევ შესაძლებელია, გასაოცარია.
ისინი ევროპული კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპის Gaia მეშვეობით გამოავლინეს. კერძოდ, 1.5 მილიარდზე მეტი მნათობის მდებარეობისა და მოძრაობის შესწავლით სპეციალისტებმა ვარსკვლავთა ამ ჯგუფებს შორის კავშირი შენიშნეს, რაც მათ საერთო წარმომავლობაზე მიანიშნებს და ჩვენი გალაქტიკის ევოლუციაზეც გვაწვდის ინფორმაციას.
ირმის ნახტომი ბოლო 12 მილიარდი წლის განმავლობაში სხვა მსგავს სისტემებს არაერთხელ შეეჯახა, რამაც ახალი მნათობების ფორმირებას შეუწყო ხელი. Gaia-ს საშუალებით ასეთი მოვლენების მტკიცებულებებს მივაგენით, მათ შორის ჯუჯა გალაქტიკა გაია-ენცელადთან შერწყმის კვალსაც. ეს 10 მილიარდი წლის წინ მოხდა და ირმის ნახტომის ცენტრის ცვლილება გამოიწვია.
რა თქმა უნდა, ჩვენი გალაქტიკის სტრუქტურაზე გავლენა იქონია ზემოხსენებულმა ვარსკვლავურმა ნაკადებმაც, თუმცა ისინი ცენტრიდან ოდნავ მოშორებით არსებულ რეგიონშია. ამ ნაკადებმა ირმის ნახტომის ზომის ზრდაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
ავტორთა ანალიზმა აჩვენა, რომ "შაქტის" მნათობები "შივასთან" შედარებით გალაქტიკის ცენტრიდან მეტადაა დაშორებული და მათ უფრო წრიული ორბიტებიც აქვს. ორივე სტრუქტურაში ვარსკვლავებში მძიმე ელემენტების ნაკლებობაა, რაც მათ სიძველეზე მიუთითებს. სწორედ ამ მახასიათებლის გამო მიიჩნევა ისინი ირის ნახტომის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ "საშენ მასალად".
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები