რა არის ყველაზე შორეული რამ, რისი დანახვაც კოსმოსში შეგვიძლია?
ღამის ცაზე შეუიარაღებელი თვალით 90 000-ზე მეტი მანათობელი წერტილი მოჩანს, მაგრამ ეს სამყაროს მხოლოდ მცირე ნაწილია.
ჩვენთან ყველაზე ახლოს არსებული სისტემა ალფა კენტავრია, რომელიც დაახლოებით 4.25 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ყველაზე ახლო ვარსკვლავი კი პროქსიმა კენტავრია, რომელიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, რადგან ზედმეტად მკრთალია. უშორესი ვარსკვლავი, რომლის დანახვაც ტელესკოპების გარეშე შეგვიძლია, V762 Cas არის. ის 16 000 სინათლის წლის დისტანციაზეა და მზეზე ბევრად კაშკაშაა. მზის მსგავსი ან მასზე ნაკლებად ელვარე ვარსკვლავების სინათლეს თვალი ვერ აღიქვამს.
მაგრამ რა ჩანს ღამის ცაზე ყველაზე შორს სპეციალური მოწყობილობების გარეშე? ეს ანდრომედას გალაქტიკაა. ტრილიონი ვარსკვლავის შემცველი ამ სისტემიდან წამოსულ სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად 2.5 მილიონ წელზე მეტი სჭირდება.
ზოგჯერ ხილულია კოსმოსის შორეულ არეალებში გამოყოფილი გამა გამოსხივებაც. მაგალითად, ასეთი რამ 2008 წელს დაფიქსირდა, რამაც სულ რაღაც 30 წამს გასტანა. მისი წყარო ჩვენგან 7.5 მილიარდი სინათლის წლით იყო დაშორებული. როცა იქიდან სინათლე წამოვიდა, მზის სისტემა ჯერ კიდევ არ არსებობდა.
1600-იან წლებში სათანადო ტელესკოპების შექმნამ თვალწინ სამყაროს უფრო მეტი რეგიონი გადაგვიშალა. ამან შესაძლებლობა მოგვცა, ბევრად მკრთალი ობიექტებიც აღმოგვეჩინა, რომლებსაც მანამდე ვერ ვხედავდით. ამის მიუხედავად, აქამდე ირმის ნახტომში ვარსკვლავთა მხოლოდ 3% გამოვავლინეთ, ხოლო გალაქტიკების 1%-ზე ნაკლები.
ძალიან შორეული გალაქტიკები უმეტესწილად "უხილავია", მაგრამ როცა მათსა და ჩვენ შორის მასიური ობიექტია, ის ერთგვარ კოსმოსურ გამადიდებელ შუშას ქმნის და ასეთი გალაქტიკების გამოსახულებას 10 000-ჯერაც კი ადიდებს. ამას გრავიტაციული ლინზირება ეწოდება.
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით სწორედ ამ მეთოდით დააფიქსირეს მეცნიერებმა უშორესი ვარსკვლავი ეარენდელი, რომელიც 28 მილიარდი სინათლის წლის დისტანციაზეა. ის მაშინ უკვე არსებობდა, როცა დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 900 მილიონი წელი იყო გასული.
ვების ტელესკოპითვე გაზომეს ჩვენსა და ყველაზე შორეულ გალაქტიკა JADES-GS-z13-0-ს შორის არსებული მანძილიც. ის 33.6 მილიარდი სინათლის წლის დისტანციაზეა და მაშინ გაჩნდა, როცა სამყარო 400 მილიონი წლის იყო.
ამ მანძილის მიღმა ობიექტების დანახვა უკვე სინათლის სხვა სპექტრში შეგვიძლია და ეს კოსმოსური მიკროტალღური ფონია. აღნიშნული რადიაცია 380 000 წლის სამყაროში წარმოიქმნა, სადაც პლაზმა აირად გადაიქცა. შესაძლოა, კოსმოსის უფრო ღრმა წარსულიდან წამოსული სიგნალებიც არსებობდეს, როგორიც, მაგალითად, ნეიტრინოს სახელით ცნობილი ნაწილაკებია. ასევე, გრავიტაციული ტალღები, რომლებიც დიდმა აფეთქებამ წარმოქმნა.
რა თქმა უნდა, მეცნიერები ამ ყველაფრის შესწავლას ცდილობენ. თუ მიზანს მიაღწევენ, უფრო და უფრო შორეულ წარსულში "გავიხედავთ".
კომენტარები