აღმოაჩინეს გალაქტიკათა სუპერკლასტერი, რომელსაც 26 კვადრილიონი მზის მასა აქვს
ასტრონომებმა გალაქტიკათა სუპერკლასტერები, ანუ უზარმაზარი შეჯგუფებები, აღმოაჩინეს. მათი რაოდენობა 662-ს უტოლდება, თუმცა აქედან ყველაზე საინტერესო Einasto-ა.
ის ჩვენგან დაახლოებით 3 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული და ესტონელ ასტროფიზიკოს იან ეინასტოს სახელს ატარებს, რომელსაც სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის აღმოჩენაში აქვს წვლილი შეტანილი. Einasto ნამდვილი კოსმოსური გიგანტია, რადგან მისი მასა დაახლოებით 26 კვადრილიონი მზის მასაა. საუბარია შეჯგუფებაზე, რომლის ერთი კიდიდანაც მეორემდე სიგნალის მიღწევას 360 მილიონი წელი დასჭირდებოდა.
ახალი მიგნება შესაძლოა, მეცნიერებს იმის გაგებაში დაეხმაროს, თუ როგორ მოიყარა თავი ერთად ამდენმა გალაქტიკამ მსგავს სუპერკლასტერებში. ასევე, არაა გამორიცხულით, ეს ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის შესახებ მეტის გაგებაშიც დაგვეხმაროს.
რაც შეეხება თავად ამ უზარმაზარ შეჯგუფებებს, სპეციალისტების გამოთვლების თანახმად, მათი საშუალო მასა 6 კვადრილიონი მზის მასაა, ზომა კი დაახლოებით 200 მილიონი სინათლის წელია. გამოდის, რომ ტიპური სუპერკლასტერი ჩვენს მშობლიურ ირმის ნახტომის გალაქტიკაზე დაახლოებით 2000-ჯერ დიდია.
ავტორებმა დაადგინეს ისიც, რომ ამ სუპერკლასტერებში გაერთიანებული გალაქტიკური შეჯგუფებები ბევრად მასიურია, ვიდრე მათ საზღვრებს მიღმა არსებული მსგავსი სტრუქტურები. ეს მიანიშნებს, რომ ისინი სხვაგვარად ვითარდება და იზრდება.
თავად ინდივიდუალური გალაქტიკები ნაკლებად მკვრივია, რადგან მასა დიდ მასშტაბებზეა გადანაწილებული. ამის მიუხედავად, მათი სიმკვრივე საკმარისია, რომ სუპერკლასტერებში არსებულ მატერიაზე მძლავრი გრავიტაციული გავლენა ჰქონდეს. აქ ბნელი მატერიაც იგულისხმება, რომელიც უხილავია, მაგრამ კოსმოსის მასის დიდ ნაწილზეა პასუხისმგებელი.
როგორც უკვე ვახსენეთ, სუპერკლასტერებზე დაკვირვება ბნელი ენერგიის შესწავლის საშუალებასაც გვაძლევს. მიიჩნევა, რომ სამყაროს აჩქარებულ გაფართოებას სწორედ ის იწვევს, ანუ გალაქტიკების ერთმანეთისგან დაშორებას. ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ახალაღმოჩენილ სუპერკლასტერებში გალაქტიკები ერთმანეთს შედარებით ნელი ტემპით
შორდება. ამაში მნიშვნელოვან როლს სწორედ ბნელი ენერგიისა და მძლავრი გრავიტაციის ურთიერთქმედება უნდა ასრულებდეს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები