ამ ეგზოპლანეტაზე შესაძლოა, ოკეანე დუღდეს
ჩვენი მზის სისტემისგან დაახლოებით 70 სინათლის წლის მოშორებით არის ეგზოპლანეტა, რომლის ზედაპირიც, სავარაუდოდ, მთლიანად წყლითაა დაფარული. სანამ დედამიწის მსგავს ციურ სხეულს წარმოიდგენთ, გეტყვით, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომების თანახმად, იქ ოკეანე შესაძლოა, დუღდეს, რადგან ძალიან მაღალი ტემპერატურის პირობებშია.
მეცნიერებმა ეს ეგზოპლანეტა მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის, მეშვეობით შეისწავლეს. კერძოდ, დააკვირდნენ სისტემას, რომელსაც TOI-270 ეწოდება. მისი ცენტრალური ვარსკვლავი წითელი ჯუჯა ტიპის მნათობია, რომლის გარშემოც სამი ციური სხეული გადაადგილდება.
სწორედ ერთ-ერთი მათგანია TOI-270 d, რომლის შესახებაც სპეციალისტებმა მონაცემები მოიპოვეს. ისინი მას აღწერენ, როგორც ნეპტუნის მცირე ზომის ვერსიას, რაც მისი აირადი შედგენილობითაა განპირობებული. ეგზოპლანეტის ატმოსფერული მახასიათებლები მიუთითებს, რომ ის შესაძლოა, ე.წ. ჰიკეანე პლანეტა იყოს, სადაც თხევადი წყლის ოკეანე და წყალბადით მდიდარი ატმოსფერო გვხვდება.
მკვლევართა გამოთვლებით, იქ ტემპერატურა 100 გრადუს ცელსიუსს უნდა აღწევდეს, რა მაჩვენებელზეც წყალი დუღილს იწყებს.
უნდა აღინიშნოს, რომ დანამდვილებით არ ვიცით, ეს მართლაც ასეა თუ არა. ეგზოპლანეტის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მეცნიერთა სხვა ჯგუფს მეორე ჰიპოთეზაც აქვს. მათ მიაჩნიათ, რომ TOI-270 d წყლით სულაც არაა დაფარული, არამედ მისი ზედაპირი კლდოვანია, ხოლო ატმოსფერო ძალიან სქელია და სუპერ-ცხელი წყალბადისგან შედგება.
"ჩვენი თვალსაზრისით, იქ ტემპერატურა ზედმეტად მაღალია იმისთვის, რომ წყალი თხევად მდგომარეობაში შენარჩუნდეს", — აცხადებენ ისინი.
ასეა თუ ისე, მსგავსი კვლევები მნიშვნელოვანია ისეთი ციური სხეულების აღმოსაჩენად, რომლებიც დედამიწის მსგავსი იქნება. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.
კომენტარები