რა არის იუპიტერის "დიდი ცისფერი ლაქა" და აქვს თუ არა ფერი სინამდვილეში
იუპიტერის "დიდი წითელი ლაქა" ამ პლანეტის ყველაზე სახასიათო წარმონაქმნია, მაგრამ იცოდით, რომ მას "დიდი ცისფერი ლაქაც" აქვს? ეს უკანასკნელი პირველისგან საგრძნობლად განსხვავდება.
პირველ რიგში, ის ცისფერ სინათლესთან ასოცირებულ დაახლოებით 450 ნანომეტრი სიგრძის ტალღებს არც ასხივებს და არც შთანთქავს, შესაბამისად ცისფერი არაა. მსგავსი შეფერილობა სამხრეთ მაგნიტურ პოლუსს უკავშირდება, რომელსაც სწორედ ცისფრად გამოსახავენ ხოლმე, ჩრდილოეთს კი — წითლად. თავად მაგნეტიზმს, რა თქმა უნდა, ფერები არ გააჩნია, უხილავია, და ეს მხოლოდ პირობითი გადანაწილებაა.
უნდა ითქვას ისიც, რომ მზის სისტემის ამ უზარმაზარი პლანეტის მაგნეტიზმი საკმაოდ რთული სტრუქტურისაა და ველის სიმძლავრეები სხვადასხვა რეგიონში ცვალებადია, ეს ქვემოთ წარმოდგენილ სურათზე კარგად ჩანს. ეკვატორთან ახლოს "დიდ ცისფერ ლაქას" ვხედავთ, რომელიც მაგნეტიზმის თვალსაზრისით სამხრეთ ნახევასფეროშია განლაგებული.
იუპიტერის მაგნიტური პოლუსები დედამიწისას არ ჰგავს, რომელზეც ჩრდილოეთი და სამხრეთი ერთმანეთის საპირისპიროდაა და, ასევე, ისინი გეოგრაფიულ პოლუსებთანაც ახლოსაა. გარკვეული ანომალიები აქაც გვხვდება, მაგრამ მზის სისტემის უდიდესი პლანეტა ამ მხრივ მაინც გამორჩეულია. ამის მაგალითი სწორედ "დიდი ცისფერი ლაქაა".
ის სამხრეთ მაგნიტური პოლუსის ყველაზე შესამჩნევი ანომალიაა. ახალი კვლევის მიხედვით, მასთან ატმოსფერული ნაკადიც ასოცირდება, რაც მიანიშნებს, რომ ეს მახასიათებელი ციური სხეულის აირად გარსზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
"დიდი ცისფერი ლაქაა" ის ადგილიც, სადაც იუპიტერის მაგნიტური ველი ყველაზე სწრაფად იცვლება. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ფენომენის უკან არსებული ზუსტი მექანიზმი ჯერ კიდევ უცნობია და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მისი შესაბამისი ანალოგი არაა.
ამგვარი მაგნიტური ველი იუპიტერი ბირთვში მეტალური წყალბადის მაღალი გამტარობის ოკეანის დამსახურება უნდა იყოს. ამის შესახებ საკმარისი მონაცემები არ მოგვეპოვება, მხოლოდ ის ვიცით, რომ "დიდი ცისფერი ლაქა" აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს და ატმოსფეროს დაახლოებით 3 500 კილომეტრ სიღრმეში ზონალურ ქარებს უკავშირდება.
ამ ფენომენის ამოხსნას NASA მისია ჯუნოს მეშვეობით ცდილობს.
კომენტარები