დმანისიდან კოროლევოში — უკრაინაში ნაპოვნი უძველესი ადამიანის ქვის იარაღი 1.4 მილიონი წლისაა
მკვლევრებმა 1.4 მილიონი წლით დათარიღებული ქვის იარაღები შეისწავლეს.
Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დასავლეთ უკრაინაში აღმოჩენილი ქვის იარაღი 1.4 მილიონი წლისაა.
უკრაინაში ნაპოვნი ეს ქვის იარაღი ამყარებს ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ ევროპაში უძველესი ადამიანი აღმოსავლეთიდან გავრცელდა. კონკრეტულად კი ამჟამინდელი საქართველოს ტერიტორიიდან.
მკვლევრების თქმით, კოროლევოს აღმოჩენა კავკასიიდან დასავლეთ ევროპისკენ "გადებული ხიდია". ჩვენ ვიცით, რომ ჰომინინები კავკასიაში დაახლოებით 1.8 მილიონი წლის წინ გამოჩნდნენ, მაშინ როცა დასავლეთ ევროპაში ეს 1.2 მილიონი წლის წინ მოხდა. სწორედ ამ პერიოდებს შორის არსებულ ცარიელ სივრცეს ავსებს კოროლევოს აღმოჩენა.
"ჩვენი დასკვნები თანხვედრაშია იმ ჰიპოთეზასთან, რის მიხედვითაც ევროპის კოლონიზაცია აღმოსავლეთიდან მოხდა. სწორედ ასე, აღმოსავლეთიდან უნდა გადასულიყვნენ ჰომინინები დასავლეთისკენ, კერძოდ კოროლევოსკენ", — აღნიშნულია კვლევაში.
ასევე იხილეთ: უძველესი ადამიანის კვალზე — საქართველოში 1.8 მილიონი წლის კიდევ ერთი ძეგლი აღმოაჩინეს
მოისმინეთ შემდეგი პოდკასტი: ადამიანის ევოლუცია — ქართველი არქეოლოგები უძველესი ადამიანის კვალზე
ქვის ეს ნიმუში პირველად 1970 წელს კოროლევოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. და, აი, ახლა არქეოლოგებმა ქვის დასათარიღებლად მის გარშემო არსებული დანალექი ქანები ახალი მეთოდით გააანალიზეს.
"ეს ევროპაში არსებული არქაული ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მტკიცებულებაა", — თქვა მადს ფაურშუმ, გეოფიზიკოსმა დანიის ორჰუსის უნივერსიტეტიდან და ახალი კვლევის თანაავტორმა.
მისი თქმით, უცნობია ადამიანის რომელმა სახეობამ შექმნა ეს ქვის იარაღი.
"ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი ნამარხი ნაშთები. ამიტომ, ვერ ვიტყვით თუ ვის ეკუთვნოდა ქვის იარაღი, თუმცა ვეჭვობთ, რომ ეს ჰომო ერექტუსი იყო", — თქვა რომან გარბამ, ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგმა და კვლევის თანაავტორმა.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ არქაული ადამიანი ქვის იარაღს ხორცის დასაჭრელად და ტყავის დასამუშავებლად იყენებდა.
კომენტარები