გამოავლინეს 5 Android აპლიკაცია, რომლებიც ფინანსურ მონაცემებს უქმნის საფრთხეს — სია
კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა 5 Android აპლიკაცია გამოავლინეს, რომლებიც Google Play Store-ზე იყო ხელმისაწვდომი. აღნიშნულ აპლიკაციებს, რომლებიც ჯამში ასი ათასზე მეტჯერ გადმოწერეს, მობილურში ბანკინგის ტროიანები შეჰყავდა, ანუ ფინანსური ინფორმაციის კუთხით სახიფათო პროგრამები.
გამოაშკარავებული კამპანიები მიზანში რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს იღებს. ეს სახელმწიფოებია: გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ესპანეთი, სლოვაკია, სლოვენია და ჩეხეთის რესპუბლიკა.
ყველა კამპანიას ერთი რამ აქვს საერთო: მათ Android აპლიკაციების გავლით მობილურში მავნე პროგრამა შეჰყავთ, კერძოდ Anatsa ბანკინგის ტროიანი. გარდა ამისა, აღნიშნულმა აპლიკაციებმა Google Play Store-ზე შეაღწია, ანუ დაცვის სისტემას აუარა გვერდი.
ეს პროგრამებია:
- Phone Cleaner - File Explorer (com.volabs.androidcleaner)
- PDF Viewer - File Explorer (com.xolab.fileexplorer)
- PDF Reader - Viewer & Editor (com.jumbodub.fileexplorerpdfviewer)
- Phone Cleaner: File Explorer (com.appiclouds.phonecleaner)
- PDF Reader: File Manager (com.tragisoap.fileandpdfmanager)
ეს აპლიკაციები თავიანთ ფუნქციებს ჩვეულებრივად ასრულებს. ისინი ჯამში 130 ათასმა ადამიანმა გადმოწერა. მეორე მხრივ, მკვლევრების აზრით, მეტად სავარაუდოა, რომ მსხვერპლის რიცხვი 200 ათასს შეადგენდეს.
სპეციალისტები Android-ის მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ Play Store-იდან გადმოწერის დროსაც კი განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. იგი ზოგადად უსაფრთხოდ მიიჩნევა, თუმცა იშვიათად შიგნით მავნე აპლიკაციაც აღმოჩნდება ხოლმე.
საგულისხმოა, რომ Play Store-იდან უკვე ყველა აღნიშნული აპლიკაცია ამოშლილია, ანუ მომხმარებლები მათ ვეღარ გადმოწერენ. მართალია, კამპანიის სამიზნე ქვეყნების სიაში საქართველო არ გვხვდება, თუმცა, თუ მობილურზე რომელიმე პროგრამა გაქვთ, უმჯობესია, იგი მაინც წაშალოთ.
თუკი Android მობილური გაქვთ, უსაფრთხოებისთვის სხვა ზომებიც შეგიძლიათ მიიღოთ. მაგალითად, ჩართული დატოვეთ Google Play Protect და ანტივირუსული პროგრამა დააყენეთ. ამასთანავე, აპლიკაციების გადმოწერისას გადმოწერების რიცხვსა და მომხმარებელთა მიმოხილვებს უნდა მიაქციოთ ყურადღება.
გარდა ამისა, თუ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გაინტერესებთ და ციფრულ სამყაროში თავის უკეთ დაცვა გსურთ, ამ ბმულზე ჩვენს სხვა სტატიებსაც გაეცნობით.
კომენტარები