ევროკავშირმა TikTok-თან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა TikTok-თან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიება დაიწყო. შედეგად უნდა გაირკვეს დაარღვია თუ არა სოციალურმა ქსელმა ონლაინ კონტენტთან დაკავშირებული წესები, მათ შორის ბავშვების უსაფრთხოების მხრივ.
ამის შესახებ ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა. საუბარია ციფრული სერვისების აქტის (DSA) დარღვევზე.
ტიერი ბრეტონმა, ევროკავშირის კომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში, თქვა, რომ ბავშვების დაცვა პრიორიტეტია. ეს მოიცავს, როგორც ასაკის შემოწმებას, ისე შესაბამის კონფიდენციალურობას.
"ეს პლატფორმა მილიონობით მოზარდზე ახდენს გავლენას. TikTok სრულად უნდა შეესაბამებოდეს DSA-ს და განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს არასრულწლოვნების დაცვაზე. ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ ჩვენი შვილების დასაცავად", — თქვა ბრეტონმა.
გასული წლის აპრილში, ირლანდიურმა მარეგულირებელმა TikTok 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მაშინ ეს ევროკავშირის მონაცემთა კანონმდებლობის დარღვევის გამო მოხდა, რის მიხედვითაც პლატფორმის მიერ არასრულწლოვნების მონაცემები უკანონოდ მუშავდებოდა. იმავე თვეში, გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციის კომისარმა კომპანია 12,7 მილიონი ფუნტით დააჯარიმა. ამჯერად 13 წლამდე ასაკის ბავშვების მონაცემების უკანონო დამუშავებისთვის.
კომპანიებს, რომლებიც DSA-ს არღვევენ, საერთო ბრუნვის 6%-ით დაჯარიმება ემუქრებათ.
TikTok ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ ByteDance-ს ეკუთვნის. კომპანიაში ამბობენ, რომ გააგრძელებენ ექსპერტებთან მუშაობას, რათა პლატფორმაზე ახალგაზრდების უსაფრთხოება ბოლომდე იყოს დაცული.
რაც შეეხება გამოძიებას, მისი ვადები არ არის დადგენილი. ბრიუსელში ამბობენ, რომ გამოძიება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის საქმის სირთულესა და იმაზე თუ რამდენად ითანამშრომლებს კომპანია გამოძიებასთან.
კომენტარები