მზის სისტემაში მილიონზე მეტი ასტეროიდია. ადრე ითვლებოდა, რომ მათზე არსებული წყლის ნებისმიერი ფორმა დიდი ხნის წინ უნდა აორთქლებულიყო.

თუმცა, დროსთან ერთად, ეს შეხედულება შეიცვალა. მას შემდეგ, ასტრონომებმა ატეროიდებზე წყალი ბევრჯერ დააფიქსირეს. მეტიც, ასტეროიდებზე სიცოცხლისთვის ფუნდამენტური საშენი მასალაც აღმოჩნდა.

NASA: ასტეროიდ ბენუს ნიმუში სიცოცხლის ძირითად საშენ მასალას შეიცავს

თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც წყლის მოლეკულები ასტეროიდის ზედაპირზე ამ ტიპის დაკვირვების გამოყენებით აღმოაჩინეს.

აღმოჩენა სამხრეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტის (SwRI) მეცნიერებს ეკუთვნით. მათ ამისთვის SOFIA-ს ობსერვატორია გამოიყენეს და სილიკატებით მდიდარი ოთხი ასტეროიდი გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ორ ასტეროიდზე შუა ინფრაწითელი სპექტრული კვალია, რაც მოლეკულურ წყალზე უთითებს.

წყალი მზის სისტემაში

ჯერ კიდევ 2021 წელს, იაპონურმა კოსმოსურმა სააგენტომ, JAXA-მ ასტეროიდ იტოკავაზე წყლის ნიმუშები აღმოაჩინა. მაშინ აღინიშნა, რომ ნიმუში შეიცავდა მიწიერი სიცოცხლის მთავარ ელემენტებს — ორგანულ ნაერთებსა და წყალს.

დღეს მეცნიერები თვლიან, რომ დედამიწაზე წყლის დიდი ნაწილი სწორედ ასტეროიდებიდან მოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ასტეროიდებმა დიდი გავლენა იქონიეს იმაზე, თუ როგორ დაიწყო სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე.

და აი ახლა, SwRI-ს ჯგუფმა გამოავლინა წყლის მოლეკულები ირისისა და მასალიას ასტეროიდების ზედაპირზე. მათ თავიანთი დასკვნები ახალ ნაშრომში, Planetary Science Journal-ში გამოაქვეყნეს.

"ასტეროიდები პლანეტარული ფორმირების პროცესის ნარჩენებია, ამიტომ მათი შემადგენლობა იცვლება იმისდა მიხედვით, თუ სად წარმოიქმნება ისინი. განსაკუთრებით საინტერესოა წყლის განაწილება ასტეროიდებზე, რადგან ამან შეიძლება ნათელი მოჰფინოს იმას, თუ როგორ გაჩნდა წყალი დედამიწაზე", — განმარტა SwRI-ს მკველვარმა, ანიცია არედონდომ.

SOFIA-მ აქამდე წყლის მოლეკულები მთვარის ერთ-ერთ უდიდეს კრატერშიც აღმოჩინა.

ახლა SwRI-ს მეცნიერებს კიდევ უფრო შორს წასვლა სურთ. ამჯერად მათ ასტეროიდებზე წყლის უკეთ შესასწავლად ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გამოყენება სურთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.