ნახეთ: როგორ გამოიყურება მზის დაბნელება მარსიდან
8 თებერვალს მარსიდან მზის დაბნელება იყო ხილული. წითელი პლანეტის ბუნებრივმა თანამგზავრმა ფობოსმა, რომლის სახელიც ძველბერძნულად "შიშს" ნიშნავს, ვარსკვლავის დისკოს ფონზე ჩაიარა და ის ნაწილობრივ დაჩრდილა.
ეს შთამბეჭდავი სანახაობა, რომელიც ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ზედაპირიდან ჩანდა, იქ NASA-ს მიერ გაშვებულმა მარსმავალმა Perseverance გადაიღო. აღნიშნული აპარატი ეზეროს კრატერს იკვლევს, სადაც ძველად უზარმაზარი ტბა და მდინარის დელტა იყო.
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიამ მზის დაბნელებისას აღბეჭდილი 68 კადრი მისიის ვებგვერდზე დაუმუშავებელი სურათების ბაზაში ატვირთა. ისინი მავალის ერთგვარ ანძაზე მარცხნივ დამონტაჟებული კამერის Mastcam-Z მიერაა დაფიქსირებული.
კადრების შეერთებით ვიდეო მივიღეთ, რომელიც მზის მარსულ დაბნელებას გვიჩვენებს:
ამ მოვლენაში მონაწილე ფობოსი ასტეროიდის ზომის უფორმო სხეულია, რომელიც 1877 წელს ასტრონომმა ესაფ ჰოლმა აღმოაჩინა. ის მარსის ზედაპირიდან რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით გადაადგილდება და ნელ-ნელა პლანეტას უახლოვდება, რომლის გრავიტაციაც მას, სავარაუდოდ, ნაწილებად დაშლის.
ფობოსის გარდა მარსის გარშემო კიდევ ერთი თანამგზავრი მოძრაობს, რომელსაც დეიმოსის სახელით ვიცნობთ. მათი წარმომავლობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. შესაძლოა, თითოეული მათგანი იქ ასტეროიდთა სარტყლიდან მოხვედრილიყო, კოსმოსური შეჯახების შედეგად გაჩენილიყო ან ადრეული მზის სისტემის ნარჩენი მატერიის ნაწილი ყოფილიყო, რომელიც შემდეგ მარსის ორბიტაზე აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ 2026 წელს იაპონია ფობოსის შესასწავლად მისიის Martian Moons Exploration (MMX) გაშვებას აპირებს. მის ფარგლებში ციური სხეულის ზედაპირიდან ნიმუშების აღება და დედამიწაზე გამოგზავნა იგეგმება. ამ გრუნტის შესწავლამ შესაძლოა, წითელი პლანეტის თანამგზავრის ისტორიისა და მარსის ატმოსფეროს შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს, რადგან აირის მოლეკულები იქამდეც უნდა აღწევდეს.
კომენტარები