ალცჰაიმერი 18%-ით იშვიათად ემართებათ მათ, ვინც ერექციული დისფუნქციის წამლებს იღებენ — კვლევა
ახალ კვლევას თუ დავეყრდნობით, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო მედიკამენტთა მოხმარება, შესაძლოა, ალცჰაიმერის რისკის შემცირებას უკავშირდებოდეს. ეს უბრალოდ კორელაციაა და არა მიზეზშედეგობრივი კავშირი, ანუ ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც ამ წამლების მიღება ამცირებს ალცჰაიმერის რისკს. ნაშრომი სამედიცინო ჟურნალ Neurology-ში გამოქვეყნდა.
კვლევის ფარგლებში მეცნიერები 270 ათას კაცს აკვირდებოდნენ 5 წლის განმავლობაში. ცდისპირთა საშუალო ასაკი 59 წელს შეადგენდა. მონაწილეებს ერექციული დისფუნქციის დიაგნოზი ახალი დასმული ჰქონდათ. კვლევის დასაწყისში მათ გონებრივი პრობლემები არ ჰქონიათ.
მკვლევრებმა ორი ტიპის პაციენტები შეადარეს ერთმანეთს: ისინი, ვისაც ერექციული დისფუნქციის მედიკამენტები ჰქონდათ დანიშნული და ისინი, ვისაც — არ ჰქონდათ. საკვლევი პერიოდის განმავლობაში ალცჰაიმერის დაავადება 1119 ადამიანს განუვითარდა.
მედიკამენტების მიმღებ პირთაგან ალცჰაიმერი 749 ადამიანს დაეწყო. ეს მაჩვენებელი 8.1 შემთხვევის ტოლია 10 ათას ადამიან-წელზე.
ადამიანი-წელი ერთგვარი საზომია. იგი იმის დადგენას ემსახურება, თუ რა დროის განმავლობაში იყვნენ მონაწილეები კვლევაში ჩართული და როგორ ვითარდებოდა მოვლენები ამ დროის განმავლობაში. მისი გამოთვლისას ადამიანების რაოდენობასა და დაკვირვების დროს ითვალისწინებენ.
მეორე მხრივ, იმ ადამიანებისგან, რომლებიც მედიკამენტებს არ იღებდნენ, დაავადება 370 პირს განუვითარდა. ეს მაჩვენებელი 9.7 შემთხვევას უდრის 10 ათას ადამიან-წელზე.
მეცნიერებმა შემდეგ სხვა ფაქტორებიც გაითვალისწინეს, მათ შორის ასაკი და ალკოჰოლისა თუ თამბაქოს მოხმარება. მათ შემდეგი რამ შენიშნეს: იმ ადამიანებს, რომლებიც ერექციული დისფუნქციის სამკურნალო მედიკამენტებს იღებდნენ, ალცჰაიმერის დაავადება 18%-ით იშვიათად უვითარდებოდათ. ეს იმათთან შედარებით, ვინც წამლებს არ იყენებდა.
მედიკამენტების მიღებასა და ალცჰაიმერის რისკის შემცირებას შორის კავშირი ყველაზე გამოკვეთილი იმ მონაწილეებში იყო, რომლებსაც წამლებს უფრო ხშირად უნიშნავდნენ საკვლევ პერიოდში.
მიუხედავად იმისა, რომ მიგნება საინტერესოა, ამ შედეგების დასადასტურებლად მკვლევრებმა საკითხი დამატებით უნდა შეისწავლონ.
აღნიშნული კვლევა მხოლოდ კაცებზე ჩატარდა. იმის გასაგებად, თუ რამდენად შესაძლებელია შედეგების ქალებზე განზოგადება, კვლევაში მდედრობითი სქესის პირებიც აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ.
ნაშრომის მიგნებები იმაზე მეტყველებს, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატებს, შესაძლოა, სხვა სარგებელიც მოჰქონდეს ჩვენთვის, გარდა ერექციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისა. თავისთავად, ეს მხოლოდ პერსპექტივაა. კვლავაც, მეცნიერებმა საკითხი უკეთ უნდა შეისწავლონ, სანამ ამ კავშირის მიზეზებზე რამის ზუსტად თქმას შევძლებდეთ.
კომენტარები