ფრანგული ბულდოგის ლეკვს ამპუტირებული ყბა ხელახლა გაეზარდა
აშშ-ში მდებარე კორნელის უნივერსიტეტის ვეტერინარებმა ფრანგული ბულდოგის 3 თვის ლეკვ ტაისონს სიმსივნის მოსაშორებლად მარცხენა ქვედა ყბის დიდი ნაწილი მოჰკვეთეს. პროცედურიდან 8 კვირაში ჩატარებულმა სკანირებებმა აჩვენა, რომ ოთხფეხა პაციენტის დაკარგულმა ქსოვილებმა თითქმის სრული რეგენერაცია შეძლო.
"მისი შემთხვევა ასეთ ახალგაზრდა პაციენტებში ძვლების სრული რეგენერაციის შესაძლებლობის დემონსტრაციაა", — აცხადებს ვეტერინარი ალექსანდრა რაიტი.
როგორც წესი, ასეთ რადიკალურ ქირურგიულ ჩარევებს სერიოზული გვერდითი ეფექტები ახლავს თან. მაგალითად, ქრონიკული ტკივილი, დარჩენილი ყბის მოძრაობასთან დაკავშირებული არასწორი თანკბილვა და სხვა. ასეთი შედეგების თავიდან ასაცილებლად ხშირად რეკონსტრუქციული ჩარევა ხდება საჭირო.
რაც შეეხება ტაისონს, მას კბილები და ყბის არხი, სადაც სისხლძარღვები და ნერვებია, აღარ გაეზარდა. ამის მიუხედავად, მარცხენა ქვედა ყბა ხელახლა განუვითარდა, ადრინდელ ზომაზე, და მან ფუნქციებიც დაიბრუნა. ეს დარჩენილი კბილების სწორი განლაგების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ძაღლს სიმსივნე აღარ აქვს.
"პირის ღრუს სიმსივნის დროულად დაფიქსირებამ ხანგრძლივი რემისიის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა", — ამბობენ სპეციალისტები.
მავნე ქსოვილები ლეკვს ქვედა ძირითადი კბილების მიმდებარედ გაეზარდა და პერიოსტეუმზე, ანუ ძვლების საფარველ მემბრანაზე ჯერ არ იყო გადასული. სავარაუდოდ, სწორედ ამაში გაუმართლა ტაისონს, რადგან მემბრანა შესაძლოა, ღეროვან უჯრედებსაც შეიცავდეს, რომლებსაც რეგენერაციაში უნდა მიეღო მონაწილეობა.
მსგავსი რამ აქამდე ბავშვებშიცაა დაფიქსირებული, მაგრამ ძაღლებში ეს პირველი ასეთი შემთხვევაა. მეცნიერები ამბობენ, რომ ამის გათვალისწინებით შესაძლებელია, მათ რეკონსტრუქციული ქირურგიული ჩარევა ავაცილოთ თავიდან და ორგანიზმს თავისი ძალების მოსინჯვა ვაცადოთ.
გასარკვევია, ეს უნარი ძაღლის ჯიშზე ან ასაკზე რამდენად მჭიდროდაა დამოკიდებული, მაგრამ თავად პოტენციალი იმედის მომცემია. ამან ტაისონის ცხოვრება ნამდვილად შეცვალა, რადგან მას ახლა უკვე უპრობლემოდ ჭამა და წყლის მიღება შეუძლია.
მისი ისტორია ახალ ნაშრომშია მოთხრობილი, რომელიც გამოცემაში Frontiers in Veterinary Science გამოქვეყნდა.
კომენტარები