ნახეთ: როგორ იფრქვევა ვულკანები იუპიტერის თანამგზავრზე
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ზონდმა ჯუნომ ახლახან მზის სისტემის უდიდეს პლანეტა იუპიტერსა და მის ბუნებრივ თანამგზავრ იოს ახლო მანძილზე ჩაუარა და გასაოცარი კადრები გადაიღო.
იო ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში ვულკანურად ყველაზე აქტიური ციური სხეულია და ის იუპიტერის 4 გალილეისეული თანამგზავრიდან ერთ-ერთია. ამგვარი გეოლოგიური აქტიურობის კვალი მის ზედაპირზეც შეიმჩნევა, სადაც ასობით აქტიური ვულკანი მძვინვარებს. ჯუნოს ობიექტივში სწორედ ზოგიერთი მათგანის ამოფრქვევა მოხვდა.
გასული წლის განმავლობაში NASA-ს ეს ზონდი იოსთან უფრო და უფრო ახლოს მიდიოდა, აქამდე კი ბოლოს 30 დეკემბერს ჩაუარა. მისი მიზანი იმის შესწავლაა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ამ ციური სხეულის შიგნით, რის გარკვევის საშუალებასაც მცირე დისტანცია, დაახლოებით 1500 კილომეტრი, იძლევა.
მიიჩნევა, რომ იოს ვულკანიზმზე თავად იუპიტერისა და მისი ორი სხვა თანამგზავრის, ევროპასა და განიმედის, გრავიტაცია ახდენს გავლენას. მათთან ასეთი ურთიერთქმედება მისი შიდა არეალის გაცხელებასა და ზედაპირის "გაწელვას" განაპირობებს. ამის მიუხედავად, აღნიშნული პროცესების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით.
ჯუნოს მეშვეობით იმის გაგება სურთ, არის თუ არა იოს ზედაპირის ქვეშ მაგმის გლობალური ოკეანე, რომელიც ვულკანების აქტიურობით ვლინდება.
"მასთან ჩავლისას შეგვიძლია დავაკვირდეთ, რამდენად განსხვავებულია ეს ვულკანები, როგორი სიხშირით იფრქვევა, რამდენად კაშკაშა ან ცხელია, ერთმანეთთან დაკავშირებულია თუ ინდივიდუალური ან იცვლება თუ არა ლავის დინების ფორმა", — აცხადებენ ჯუნოს მისიაზე მომუშავე მეცნიერები.
ზონდის უმთავრესი მიზანი იუპიტერის შესწავლაა, მაგრამ მისი მისია გახანგრძლივდა, ამიტომ ის პლანეტის თანამგზავრებზეც კონცენტრირდა და ბოლო დეკადებში მათი უახლოესი გამოსახულებები მოიპოვა.
ის მზის სისტემის აირის გიგანტად წოდებული ციური სხეულის გარშემო 2016 წლიდან მოძრაობს. თუ თავდაპირველად მისი ორბიტული პერიოდი 53 დღე იყო, 2021 წელს ის 43-მდე, 2022-ში 38-მდე, ახლა კი 33-მდე შემცირდა. გახანგრძლივებული მისია 2025 წლის სექტემბერში დასრულდება.
კომენტარები