QuEra 10 000-ქუბიტიანი კვანტური კომპიუტერის შექმნაზე მუშაობს
კვანტური კომპიუტერი 2026 წელს უნდა გამოჩნდეს.
QuEra, კვანტური გამოთვლითი კომპანია, ამბიციურ პროექტზე მუშაობს. კომპანიაში შეცდომების გამსწორებელი კვანტური კომპიუტერის შექმნა სურთ, რომელიც 10 000 ქუბიტზე იმუშავებს.
კვანტურ კომპიუტერებს დიდი მომავალი აქვთ და შესაბამისი ტექნოლოგიების შემუშავებაში ბევრი მოწინავე კომპანიაა ჩართული. კვანტური კომპიუტერები უნდა გაუმკლავდნენ რთულ გამოწვევებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიცინა, ფიზიკა, მათემატიკა და ზოგადად გამოთვლები.
ცოტა ხნის წინ კომპანიამ კვლევითი თანამშრომლობა ჰარვარდთან, MIT-თან და NIST-თან დაიწყო. ამ კვლევებში მეცნიერებმა 48 ქუბიტი გამოიყენეს. უკვე წელს კომპანიაში 256-ზე მეტ ქუბიტზე მომუშავე კვანტური კომპიუტერის შემუშავება სურთ.
ცნობისთვის, კვანტური კომპიუტერი იყენებს კვანტური მექანიკის ეფექტებს და თანამედროვე სუპერკომპიუტერზე მილიონჯერ, მილიარდჯერ და ტრილიონჯერაც უფრო სწრაფი შეუძლია იყოს.
კლასიკური კომპიუტერისგან განსხვავებით, რომელიც ნულებისა და ერთიანების სერიებს, ანუ ბიტებს გადაამუშავებს, კვანტური კომპიუტერი ქუბიტებისგანაა შექმნილი, რისი მიხედვითაც, თითოეული ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც ნული, ისე ერთი. სწორედ ამ პრინციპით, კვანტურ კომპიუტერს მილიონობით გამოთვლის თანადროულად ჩატარება შეუძლია.
2025 წელს კომპანიას განახლებული მოდეული უნდა ჰქონდეს, რომელიც 3 000-ზე მეტ ქუბიტს გამოიყენებს. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ სურთ შეიმუშავონ ისეთი კვანტური კომპიუტერი, რომელსაც უნივერსალური კვანტური გამოთვლების განხორციელება შეეძლება.
და აი 2026 წელს, QuEra წარადგენს მესამე თაობის კვანტურ შეცდომების შემსწორებელ მოდელს, რომელიც 10 000-ზე მეტ ქუბიტზე იმუშავებს.
კომენტარები